დისტანციური სწავლება დეკემბრამდე გაგრძელდება?- რა დოკუმენტი გადაუგზავნა სამინისტრომ სკოლებს
განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, რომელსაც მან ხელი 30 სექტემბერს მოაწერა (MES 1 20 00009 19762), ოთხ დიდ ქალაქში VII-XII კლასელებისთვის 2020 წლის 29 დეკემბრამდე სწავლა სრულად დისტანციურად გაგრძელდება.
შესაბამისი ბრძანება სამინისტრომ სკოლების დირექტორებს გადაუგზავნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 1-ლი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ჰიბრიდული მოდელი უნდა გამოიყენონ – I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით.
ბრძანების ზემოთ მოყვანილი ვადები არ ეხება თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის ზოგიერთ სკოლას. მათ დისტანციური სწავლება მხოლოდ გარკვეულ ვადებში უნდა განახორციელონ. კერძოდ: ქალაქ თბილისის N69, N143, N154, N174, N2, N76, N145, N157, N168, N172, N179, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N163 და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლები — დისტანციურ სწავლება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე იქნება, ხოლო ქალაქ თბილისის N26 საჯარო სკოლაში — 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 7 ოქტომბრამდე.
ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე; ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე, ხოლო ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაში, სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლაში, სოფელ რუხის საჯარო სკოლაში, სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლაში — 2020 წლის 4 ოქტომბრამდე.
რაც შეეხება აჭარას, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე დისტანციურად უნდა წარიმართოს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს განუმარტეს, რომ ბრძანებაში, როგორც სამართლებრივ დოკუმენტში, ვადა პირობითადაა მითითებული და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ცვლილება დოკუმენტშიც შევა.
„ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ ბრძანება ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენების შესაძლებლობას.
„როგორც ცნობილია, პირველი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში სწავლა პირველიდან მეექვსე კლასებში გაგრძელდა საკლასო ოთახებში, მაგრამ მოსწავლეთა ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშობლებს მიეცათ არჩევანის საშუალება, დისტანციურ სწავლასა და საკლასო ოთახში სწავლას შორის. ამისთვის, სამინისტროს მიერ შეიქმნა ახალი ელექტრონული პორტალი – online.emis.ge, სადაც I-VI კლასის ჩათვლით მშობლებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაარეგისტრირონ შვილები დისტანციური სწავლების მიზნით. სწორედ აღნიშნულ ბრძანებაში განისაზღვრა I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ვადები, რაც შეეხება VII -XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებას, ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძანება საშუალებას აძლევს სკოლებს, VII-XII კლასებში სწავლის სასკოლო ოთახებში განახლების შემდეგ, მოსწავლეებს, მათი სურვილის შემთხვევაში შესთავაზონ დისტანციური სწავლების მოდელი. აქვე უნდა განვაცხადოთ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არაერთგზის აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ყველა მოსწავლე ამ სემესტრში დაუბრუნდეს სასკოლო გარემოს და მიმართა საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“, – აცხადებენ სამინისტროში.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება