ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროცესი არ შეჩერდება
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მიერ დაანონსებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა არ შეჩერდება.
„ჩვენ მიზნობრივ შეღავათებზე არ ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონრები, რომლებსაც გაეზრდებათ პენსია მუდმივად და ახლა ეს კანონით არის გარანტირებული. არ დავაზარალოთ მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ვისაც ჩვენ ვუზრდით ხელფასებს, მიუხედავდ იმისა, რომ ვითარება მსოფლიოში შეიცვალა. ჩვენი ეკონომიკაც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში, კოვიდის გამო, მაგრამ ამ დაპირების ერთგულები ვართ და შევასრულებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დამატებითი კონკრეტიკის გარეშე.
მასწავლებლების ნაწილს 2020 წელს დაგეგმილ სახელფასო ზრდასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ განათლების სამინისტროსთვის განკუთვნილი ბიუჯეტი შეამცირა.
2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი არსებობს:
,,საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდება 150 ლარით 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით – 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი;
2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე“, – ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება