ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა – ვის მოუწევს ზოგადი უნარების ტესტის წერა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, ხელახლა დამტკიცდა „საქართველოს მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი“.
როგორც 12 ნოემბრიდან ამოქმედებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ბრძანების მიზანია უცხოეთში განათლებამიღებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.
დოკუმენტი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეებს (რომლებმაც უცხოეთში დაასრულეს სკოლის ბოლო 2 წელი, მიიღეს აკადემიური ხარისხი ან დააგროვეს კრედიტები უცხოურ უნივერსიტეტში) შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე, ბრძანება ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ენის ფლობის დადასტურებისა და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების სავალდებულო წესებს.
ახალი ბრძანების თანახმად,, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში და სურთ სწავლის გაგრძელება საქართველოში. ეს ვალდებულება კონკრეტულად ეხება იმ პირებს, რომლებმაც უცხოეთში სწავლის უფლება 2019 წლის 1 იანვრიდან მოიპოვეს.
ზოგადი უნარების ტესტის წერა არ მოუწევთ აბიტურიენტებს, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხოეთში მიიღეს და იქ სკოლის ბოლო 2 წელი ისწავლეს. ასევე მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი ან სწავლობდნენ უცხოური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
კიდევ ერთი სასკითხი, რომელსაც ახალი ბრძანება არეგულირებს: უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს, რომ სტუდენტი მის მიერ არჩეული პროგრამის სწავლების ენას ფლობს არანაკლებ B1 დონეზე.
საქართველოს მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი
მუხლი 1. წესის მიზანი
1. ამ წესის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვისა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.
მუხლი 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:
ა) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული).
2. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული);
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაადასტუროს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობა არანაკლებ B1 დონეზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – გამოცდების ცენტრი) მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის (შემდგომ – გამოცდა) წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც სწავლის უფლება უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
6. გამოცდის დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს ტესტური დავალებების შემუშავებას და დავალებათა ბაზების ფორმირებას, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას. გამოცდის წარმატებულად ჩაბარება გულისხმობს ტესტში, გამოცდების ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.
7. გამოცდა ტარდება ამ პუნქტით დადგენილი პირობების და გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, კერძოდ:
ა) გამოცდა ჩატარდება წელიწადში ორჯერ;
ბ) გამოცდა ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ტესტირების გზით. ელექტრონული ფორმით ტესტირების ჩატარების შემთხვევაში ტესტირება ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;
გ) გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საფასურის გადახდის, აგრეთვე საფასურის დაბრუნების პირობები დგინდება გამოცდების ცენტრის მიერ;
დ) გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ცენტრი ქმნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ და გამოცდაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზას.
8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მოთხოვნის საფუძველზე გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს, გამოცდაში მონაწილე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის თაობაზე ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.
9. გამოცდების ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება გამოცდის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.
10. ამ მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისთვის განცხადებით მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ – ცენტრი) და მონიშნონ მოთხოვნა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მინიჭების შესახებ.
11. ცენტრი, მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მინიჭების შესახებ მითითების მონიშვნის საფუძველზე, ვალდებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცემისთანავე, ეს დოკუმენტი განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნოს სამინისტროს.
12. ამ წესით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად მიიჩნევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლის გაგრძელების მიზნით ხორციელდება განცხადებით მიმართვა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე.
13. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ სამინისტროს.
14. ცენტრში განცხადებით მიმართვა ხდება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და რომლის მიღება, ასევე შესაძლებელია ცენტრში.
15. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს, უფლება აქვთ ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართონ სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტს (შემდგომ – უმაღლესი განათლების დეპარტამენტი).
16. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, ამ პროგრამის განხორციელების ენისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ). სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში წერილობითი თანხმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სასწავლო წლისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა განცხადებას, ასევე უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა, ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში)
17. საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელების, ამ პროგრამის განხორციელების ენისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ). სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში წერილობითი თანხმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სასწავლო წლისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციის გარდა, განცხადებას ასევე უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა, ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში);
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:
ვ.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;
ვ.ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც დოკუმენტების წარდგენის დროს არ გააჩნია ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიპლომი და დიპლომის დანართი, უნდა წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე სამინისტროში წარადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლებს;
ვ.გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პირის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას.
18. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
მუხლი 3. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირების და სხვა დაინტერესებული პირების განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ამოწმებს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავენ გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა.
2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, უმაღლესი განათლების დეპარტამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
3. უმაღლესი განათლების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებულ ვადებში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის ფაქტი, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დეპარტამენტი ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას.
5. უმაღლესი განათლების დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვს ინფორმაციას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ.
6. უმაღლესი განათლების დეპარტამენტი საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული პირების განცხადების ამ წესის მე-2 მუხლთან შესაბამისობას იხილავს მისი შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს, წარუდგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს. უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსის/უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვა ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
მუხლი 4. გარდამავალი დებულებები
1. თუ ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გამოთხოვილი ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნა სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში და ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას იღებდნენ დისტანციური ფორმით, უმაღლესი განათლების დეპარტამენტი უფლებამოსილია დაეყრდნოს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.
2. ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი განათლების დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს მოსთხოვოს აღნიშნულ პერიოდში დისტანციური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, თუ ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გამოთხოვილი ცნობით არ დასტურდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს იმ მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნა სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომლებიც ფლობენ უკრაინაში გაცემულ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და უკრაინაში სწავლობდნენ 2021-2022 სასწავლო წელს ან/და 2022-2023 სასწავლო წელს ან/და 2023-2024 სასწავლო წელს, უმაღლესი განათლების დეპარტამენტი უფლებამოსილია დაეყრდნოს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.
-
10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს იყო რეპუტაციული ზიანი“ – რა გააკეთა საქართველომ EQAR-ში რეგისტრაციისა და ENQA-ს წევრის სტატუსის აღსადგენად
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტის სტატუსის მიღების შემდეგ, პოლიციის აკადემია ფასიან კურსებსაც ჩაატარებს – ჩამონათვალი და ფასები
by ARIS.GE-განათლება