ეროვნული გამოცდების მეორე დღე გამკაცრებული ზომებით დაიწყო
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე გამკაცრებული ზომებით დაიწყო. საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე, გუშინდელთან შედარებით, საპატრულო პოლიციისა და არაოფიციალურ ტანისამოსში ჩაცმულ ადამიანთა საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობა მორიგეობს. გლდანის 177-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან, ამ დროისათვის, პოლიციის სამი ეკიპაჟია მობილიზებული. ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ ხალხმრავლობის გამო არ შეფერხდეს სამანქანო მოძრაობა და ასევე, გულშემატკივრებს შორის დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ.
შეგახსენებთ, რომ სიტუაცია განსხვავებული იყო გუშინ, გამოცდების პირველ დღეს, რა დროსაც ცენტრებთან შეკრებილ ადამიანებს შორის არანაირი დისტანცია არ იყო დაცული. ამის შესახებ, დღის ბოლოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ კომენტარიც გააკეთა. EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მან დაადასტურა, რომ ცენტრებთან ეს პრობლემა იყო და დასძინა ისიც, რომ მეორე დღიდან ზომები გამკაცრდებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამას უკავშირდება ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებთან წესრიგის დამცველთა სიმრავლე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს, მუხიანში მდებარე 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრშიც, გუშინდელისგან განსხვავებით, გულშემატკივრები დისტანციას მეტ-ნაკლებად იცავენ. თუმცა მაინც რჩებიან გულშემატკივრები, რომლებიც დაცვის პოლიციის მუდმივ მოწოდებას, რომ დაიცვან დისტანცია და ხელი არ შეუშალონ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრში შესვლაში, არ ემორჩილებიან.
,,სამი წლის წინაც ვიყავი საგულშემატკივროდ და მაშინ არავინ გვიშლიდა აქ დგომას”, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელსაც დაცვა დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა დისტანციის დაცვისკენ. შეხსენებამ იმის შესახებ, რომ სამი წლის წინ პანდემია არ იყო, კიდევ უფრო გაანაწყენა გულშემატკივარი და მტკიცედ განაცხადა, რომ “არანაირი კორონა არ არის და ადგილიდან ფეხს არ მოიცვლის”.
173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის შესასვლელთან, დისტანციის დაცვის მიზნით, გარკვეული პერიმეტრი დღეს უკვე წითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
“გვითხრეს დისტანცია დაიცავითო, მაგრამ რა უფლება აქვთ მიმითითონ სად დავდგები. ჯარიმების დაწერის სურვილი თუ ექნებათ, კი, იპოვიან მიზეზებს. მთავარია, შიგნით დაიცვან დისტანცია, ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავებს”.
“მითითება რატომ უნდა დაგვჭირდეს? როდესაც მსოფლიო პანდემიაა თუ ადამიანი ელემენტარულად აზროვნებს, უნდა დაიცვას დისტანცია, რომ თითონაც დაცული იყოს და მისი ოჯახის წევრებიც. რატომღაც მეგონა, უფრო უწესრიგობა იქნებოდა და მიხარია, რომ ჯერჯერობით დისტანცია ნამდვილად არის”, – უთხრა EDU.ARIS.GE -ს აბიტურიენტის მშობელმა მაიკო მებონიამ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება