GE

ეროვნული გამოცდების მონაწილეებს წყლის დალევის შეზღუდვა არ ექნებათ – „ნაეკის“ განმარტებები

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს, წყლის დალევის სურვილის შემთხვევაში, მცირე დროით, პირბადის ჩამოწევის უფლება ექნებათ. როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, აპლიკანტის გამოცდიდან გაძევება იმ შემთხვევაში მოხდება თუ ის ნიღაბს მოიხსნის და მითითებებს არ დაემორჩილება.

„მაშინ, როდესაც გამოსაცდელი წყლის დალევას მოისურვებს, მას უფლება ექნება ჩამოიწიოს პირბადე მცირე დროით და შემდეგ ისევ მოირგოს. გამოცდიდან მისი მოხსნა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ დაემორჩილება მითითებას,  გაფრთხილების მიუხედავად, უარს იტყვის მის გაკეთებაზე და რისკის ქვეშ დააყენებს როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას“,- ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რაც შეეხება საპირფარეშოთი სარგებლობის საკითხს უწყებაში განმარტავენ, რომ ის ისევე დარეგულირდება როგორც გასულ წლებში. „ეს საკითხი რეგულირდება ისე, როგორც წინა წლებში. გამოსაცდელები გამოვლენ რიგ-რიგობით. რა თქმა უნდა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და უსაფრთხოების სხვა ზომები“, – ამბობენ ნაეკში.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების რიცხვის ზრდა არ მოხდება. „იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ სესიაზე გამოსაცდელთა რიცხვი თითქმის 1/3-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით, სასწრაფო ეკიპაჟის რაოდენობის გაზრდის აუცილებელობა ამ ეტაპზე არ არსებობს“,- განმარტავენ ეროვნული გამოცდების ცენტრში.

ყველა ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური