ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეორე დღეს რეგისტრირებული აპლიკანტების 5%-ზე მეტი არ გამოცხადდა
დღეს მეორე დღეა, რაც აბიტურიენტები გამოცდას ქართული ენისა და ლიტერატურაში აბარებენ. აღნიშნულ გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტების 5%-ზე მეტი არ გამოცხადდა და შესაბამისად, გამოცდა 95%-მდე აპლიკანტმა დაწერა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესმა დღესაც ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და დღეს არ ყოფილა დაგვიანებისა და მოხსნის არც ერთი შემთხვევა.
„დღეს საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაირა, გამოცხადდა აბიტურიენტების 95%. საბედნიეროდ გამოცდიდან არ მოხსნილა და დაშვების პრობლემა არ ჰქონია არც ერთ აბიტურიენტს არც დაგვიანების გამო, არც ტელეფონის აღმოჩენის გამო და არც მაღალი ტემპერატურის გამო. იყო რამდენიმე აბიტურიენტი, რომლებსაც დაუფიქსირდათ ტემპერატურა, თუმცა მათი განთავსება მოხდა სარეზერვო სექტორებში და ჩვენ არ მოგვიწია მათი არ დაშვების გადაწყვეტილების მიღება. დღეს საგამოცდო პროცესს შემოუერთდნენ აბიტურიენტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, 20-მა მათგანმა შეასრულა ტესტი დღეს, სულ 22 იყო რეგისტრირებული, თუმცა 2-მა არ ისურვა გამოცდაზე გამოსვლა. ისინი ქუთაისის და თბილისის საგამოცდო ცენტრებში იმყოფებოდნენ“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.
ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ერთ სესიად ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 აბიტურიენტებისთვის 24 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად, 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება