„ეს სახალისო აქტივობები მათემატიკის გაკვეთილისთვის ახლა, ონლაინ სწავლების დროს შევქმენი“ – მასწავლებელი თბილისიდან
ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, ქალაქ თბილისის № 186 საჯარო სკოლის დაწყებითების უფროსი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის
ყველა მასწავლებლის მიზანს წარმოადგენს სასწავლო პროცესის გამდიდრება მრავალფეროვანი რესურსით, რის შედეგადაც იზრდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალი მასალის უკეთ გააზრებასა და ათვისებას.
გაკვეთილების მრავალფეროვანი აქტივობებით წარმართვა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ონლაინ სწავლების დროს. ეკრანს იქით მოციმციმე თვალები მუდამ განახლებულ და საინტერესო მასალას ელიან. მასწავლებლებს გვიწევს სხვადასხვა წყაროს, ან ონლაინ საიტის მოძიება, რომ შევძლოთ ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო მასალის ამოკრება.
ამ წერილში მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოგონილი გამოცანები გეომეტრიულ ფიგურებზე, რომელიც ახლა, ონლაინ სწავლების დროს შევქმენი.
ერთ საღამოს, როცა მომდევნო დღის შეხვედრისთვის ვემზადებოდი ვნახე, რომ მე-4 კლასში, მათემატიკის გაკვეთილზე, უნდა გვესაუბრა თემაზე: სივრცული ფიგურები. სივრცული ფიგურების უმრავლესობა მათთვის ნაცნობი იყო. ჰოდა, გადავწყვიტე, ბავშვების გახალისების მიზნით, დამეწერა ტექსტები, რომლებშიც ჩამოთვლილი იქნებოდა ამ ფიგურების აგებულება და დამახასიათებელი ნიშნები. მე წავუკითხავდი ტექსტს და მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ, თუ რომელ გეომეტრიულ ფიგურაზე იყო საუბარი. მოსწავლეთა ინტერესი დასაწყისშივე რომ გამეღვივებინა, თხრობა ასეთი შესავალით დავიწყე:
ერთ დღეს გეომეტრიული ფიგურები შეხვდნენ ერთმანეთს და დაიწყეს თავის ქება. ფიგურებმა წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მათგანი ამტკიცებდა, რომ ყველაზე მომხიბვლელი და ცნობილი ის იყო, რომ ბავშვებს ის განსაკუთრებით უყვარდათ. დიდხანს გაუგრძელდათ დავა, მაგრამ საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მოდი, მოვისმინოთ მათი საუბარი და დავეხმაროთ დავის გადაწყვეტაში!
****** (1)
ბავშვებს ძლიერ ვუყვარვარ
მე ვასწავლი თამაშს, თვლას,
სახლებს ჩემით აგებენ
უკეთესი რაღა ვქნა?
ყველა მხრიდან კვადრატულს
ექვსი გვერდი მამშვენებს.
რვა წვეროს ერთმანეთთან
ტოლი წიბო აერთებს.
ვიცი გიყვარს ძალიან
კამათელით თამაში,
ახლა დამასახელებ
მე დავრწმუნდი ამაში!
****** (2)
მე ვარ ულამაზესი
ექვსი გვერდი მარტყია,
სწორი და მართობული
სინატიფე მატყვია.
ოთხი ტოლი გვერდი მაქვს,
ორიც-მოპირდაპირე.
რვა წვეროდან ,,სხივებად“
წიბოები ვაფრინე.
ამ თორმეტი წიბოდან
ოთხი გრძელი სხივია,
დანარჩენი რვა ხაზიც
ერთმანეთს უღიმიან.
ჩქარა დამასახელე
დავიღალე ძალიან
აღარ უნდა ფიქრი
უკვე წამებს ვითვლი…
***** (3)
მე ყველაზე მოხდენილი
ფიგურა ვარ ნამდვილად
ქვევით, ზევით წრეები
სიამაყით დავდივარ.
არც გვერდები, არც წვერო
ხელს არ ვატკენ არავის,
დაფის მეგობარი ვარ,
კიდევ ყველა პატარის!
დაფიქრდი და თქვი,
რა ვარ? ………………….
***** (4)
ფუძე მაქვს, ოთხი წახნაგიც,
ცამდე მაქვს წვერი ასული.
ოთხი სვეტით ვარ მოსილი,
ქვეყნად ვარ სახელგანთქმული.
ჩემს სანახავად მოდიან
შორეულ ქვეყნის მკვიდრები,
დღედაღამ თავს მევლებიან,
მაგრამ მე სულ არ ვიღლები.
ჩემი სახელი შენც იცი,
ბევრჯერ მესტუმრე წიგნებში.
იქნებ ცხადშიც კი გინახავს
……………………….ეგვიპტეში.
***** (5)
წრიულ ძირზე დაყრდნობილს
თავი მაგრად მიჭირავს,
ტოლს არ ვუდებ არავის
სივრცულობა მიზიდავს.
ერთ წვერს მაღლა აზიდულს
თავმომწონედ ვატარებ
ჩემით მაშინ სარგებლობ
როცა ვინმეს ახარებ!
***** (6)
უცნაური ფიგურა ვარ,
ხშირად ვიცვლი ფორმას.
ხან სამკუთხედს,ხან ოთხკუთხედს
ვხედავ ძირს და ქოლგად.
ვინც ისურვებს ხუთკუთხედით
დამიმშვენებს თავს და ბოლოს,
თუ დასჭირდათ შემიცვლიან
იერსახეს: ანა,ნოდო.
ცოტა მინიშნებას მოგცემ,
გვერდებად მაქვს ოთხკუთხედი.
მათი რიცხვიც ცვალებადობს
ხან სამია, ხანაც -ხუთი.
როგორც ყველას ,მეც მაქვს ჩემი
წახნაგებიც,წიბოც, წვერიც
მათი რიცხვი სხვადასხვაა
თუ მეცვლება ფუძეები.
მოკლედ, უკვე მოგახსენე,
ჩემს შესახებ ყველაფერი,
თვისებები,გარეგნობა,წახნაგები, წიბო,წვერი
ერთი კარგად დაფიქრდი და
მიპასუხე რა ვიქნები?!
***** (7)
ჩემი ცნობა ადვილია,
მე ვუყვარვარ მართლა ყველას,
ზოგჯერ გულში მიხუტებენ
და იწყებენ ერთხმად მღერას.
მე ვარ ყველგან: ზევით, ქვევით,
სახლებში თუ ეზოებში,
ხშირად დაუპატიჟებლად
ვსტუმრობ იქვე მეზობლებში.
მე მბაძავენ სხეულები:
დღისით მზე და ღამით მთვარე,
ჩემი ხმით და მოძრაობით
გავაყრუე არე-მარე.
თამაშებში მთავარი ვარ,
ვალამაზებ სპორტის სფეროს,
ოვალური ფიგურა ვარ
შენც კი იცი, მე ვარ …………………!
***** (8)
მრგვალი ვარ და ბურთის მსგავსი,
წიგნშიც ვარ და მოედანზეც,
ზომით-მცირე,წონით- მძიმე
ფიგურა ვარ მე ყველაზე.
მეც ვქმნი სპორტის სახეობას,
არ მაკლია ვაშა, ტაში,
ძლიერთათვის იმართება
შეჯიბრება ………. კვრაში.
ახლა კი პასუხები:
1) კუბი. 2) მართკუთხა პარალელეპიპედი. 3) ცილინდრი. 4) პირამიდა (ოთხკუთხა). 5) კონუსი. 6) პრიზმა. 7) სფერო. 8) ბირთვი.
გამოცანების გამოცნობამ განსაკუთრებული ხალისი შემოიტანა ჩემს კლასში. მოსწავლეები სულგანაბულები ისმენდნენ ტექსტს, აკვირდებოდნენ მის თითოეულ დეტალს და ცდილობდნენ, რომ სწორი პასუხი დაეფიქსირებინათ.
ეს აქტივობა შესაძლოა მივცეთ დავალებად, თან დავურთოთ კროსვორდი. მოსწავლეები ფიგურების ამოცნობის შემდეგ კროსვორდის შესაბამის უჯრაში ჩაწერენ მათ სახელებს და შეავსებენ კროსვორდს.
გამოცანები შესაძლოა გამოვიყენოთ ჯგუფური მუშაობის დროსაც.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება