ე.წ. უფასო ფაკულტეტები წელს ისევ იქნება – მინისტრი დაფინანსების პრინციპის ცვლილებას მომავალი წლიდან აანონსებს
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ე.წ უფასო ფაკულტეტები წელს ისევ შენარჩუნდება.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვის პასუხად ამბობს, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი მომავალი წლიდან დაინერგება და უფასო ფაკულტეტების მანკიერი ფორმაც აღარ იარსებებს.
მისი თქმით, ე.წ უფასო ფაკულტეტები მანკიერი სისტემა იყო და მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ძალიან მალე ცნობილი გახდება უმაღლესების დაფინანსების ახალი პრინციპი.
“ჩემი გამოსვლისას დროში ვერ მოვასწარი, მაგრამ კარგია რომ აქ იყო ნახსენები ეს საკითხი – უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი. რახან უნივერსიტეტებს შევეხეთ, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია და უნდა ვთქვათ, რომ ამ საკითხზე ამ თვეების მანძილზე აქტიურად ვმუშაობდით და უნდა ვთქვათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული და ერთ-ერთი მთავრი, რაც კეთდება ამ კუთხით, ეს არის ის რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულია მსოფლიო ბანკი და მათან ერთად ვმუშაობთ. ჩვენი ხედვაა, ქართულად რომ ვთქვათ, “ფერვომას ბეისდ მოდელზე” შემუშავებული მოდელი, რომელიც არის ინდიკატორებზე და რომელმაც უნდა მოგვცეს სწორედ ის მიმართულებები, რისკენ მოვახდინოთ თავისთავად წახალისება. ეს იქნება მეცნიერების კომპონენტი, ეს იქნება პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი. მსოფლიო ბანკი მალე დაასრულებს მუშაობას, თუმცა რაც შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, ესაა, რომ ვეცდებით, უფრო სწორად, გავაკეთებთ, რომ მომავალ წელს უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს. ვაუჩერული სისტემა რჩება, რომელიც სტუდენტს მიჰყვება პირდაპირ და მეორე მოდელი, რომელიც იყო ის რესურსი, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით ეს გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომლებიც ჩამოყალიბდება თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიუმულირება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
დღეს მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარსდგა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. დეპუტატებმა მინისტრს რეკორდული რაოდენობის კითხვები დაუსვეს და მოსმენა პარლამენტში ამ დრომდე გრძელდება. როგორც სხდომაზე ითქვა განათლების რეფორმის თემაზე საუბრები სხვადასხვა პერიოდულობით საკომიტეტო დონეზეც გაგრძელდება, სადაც მინისტრის თქმით, მეტი დეტალის გაშლა იქნება შესაძლებელი.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება