გაკვეთილები ყველა საგანში და აბიტურიენტის საათი – ყველაფერი „ტელესკოლის“ შესახებ
პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დაანონსებული ტელე-გაკვეთლების 30 მარტს დაწყების შესახებ დამატებით ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.
„ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა და პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.
უწყების განმარტებით, „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.
საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.
„ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
პროექტის პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას.
„გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე, დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: http://mes.gov.ge/; https://1tv.ge/ და https://stopcov.gov.ge/
პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდება, რომელიც სამომავლოდ მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ პროექტის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ისიც, რომ შაბათ-კვირას მოსახლეობას შესთავაზებენ საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს, რომლებიც მომზადებულია როგორც საქართველოში, ასევე ცნობილი უცხოური ტელეკომპანიების მიერ და ნათარგმნია ქართულ ენაზე.
,,სულ ცოტა ხანში ამ პროექტში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან უნივერსიტეტის პროფესორებიც და შაბათ-კვირის განმავლობაში ისინი ყველასთვის გასაგებ ენაზე თავიანთი საგნებისა და დისციპლინების ხიბლს დაანახებენ ჩვენს მოსწავლეებს. ეს იქნება ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი – უნივერსიტეტი სკოლას, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება