GE

გამოცდიდან მოხსნილი აბიტურიენტები, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ გამოცდაზე დაიშვნენ – ბრძანება

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

მათ შორის ცვლილება ეხება იმ აბიტურიენტებისთვის გამოცდის ჩაბარების უფლების მინიჭებას, რომლებსაც 2020 წლის ეროვნულ გამოცდაზე მისვლის შემდეგ მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ ან დაუფიქსირდებათ და გადამოწმების შემდეგ კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდებათ.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ეს აბიტურიენტები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია.

“2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციების („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის“) შესაბამისად არ დაიშვნენ გამოცდაზე და რომელთაც პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შედეგად არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი”, – წერია დოკუმენტში.

გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებისა, კანონს დაემატა კიდევ ერთი პუნქტი სადაც ვკითხულობთ:

“აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად”.

ყველა ამბავი გამოცდებიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური