GE

განათლების მინისტრის ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი ეხება პროფსასწავლებელში მოხვედრის მსურველი აპლიკანტების ასაკობრივი ნიშნით დაყოფის შესახებ განკარგულებას.

საია სადავოდ ხდის „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მუხლს (N152/ნ ბრძანების 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.), რომლის მიხედვითაც 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების გამოცდაზე მიღებული ქულა მრავლდება 1.3 და 1.1 კოეფიციენტებზე, ხოლო 29 წელს ზემოთ მყოფი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის მსურველთა ქულა რჩება უცვლელი. აპლიკანტების მიერ მიღებული ქულების კოეფიციენტებზე გადამრავლების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ერთიან სარეიტინგო სიას, რომელიც განსაზღვრავს აპლიკანტთა სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შედეგებს.

საიაში მიიჩნევენ რომ სადავო ნორმით მოსარჩელეს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული თანასწორობისა და განათლების უფლებები. სადავო ნორმის მიხედვით, 19 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებს ყოველთვის 23-ქულიანი, ხოლო 19-დან 29 წლამდე ასაკის კატეგორიის აპლიკანტებს ყოველთვის 9-ქულიანი უპირატესობა აქვთ 29 წლის ზემოთ მყოფი ასაკობრივი კატეგორიის აპლიკანტებთან მიმართებით. ამდენად, უფრო რეალური შანსი აქვთ მოხვდნენ მათთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე და დაეუფლონ პროფესიას.

”ის მიზანი, რომელიც სახელმწიფომ ამ შემთხვევაში მიზნად დაისახა – უმუშევრობის დონის დაძლევა, კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში, უმუშევრობის დაძლევის ინტერესი და საჭიროება, ასევე 29 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშიც არსებობს. პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის ამგვარი სისტემა არაკონსტიტუციურია”,- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური