განათლების მინისტრის ბრძანებით სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის ახალი რედაქციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სკოლა დადგენილ ვადაში ვერ შეარჩევს სახელმძღვანელოს, გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო რესურსცენტრი მიიღებს.
გარდა ამისა, თუ სკოლა გადაწყვეტს გრიფირებული სახელმძღვანელოს შეცვლას და ამას გარკვეული მოტივებით დაასაბუთებს, მას შესაძლებლობა ექნება სასურველი ავტორის სახელმძღვანელო მიიღოს.
მინისტრის ბრძანების თანახმად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში გარკვეული მუხლები ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
კონკრეტულად, „ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“: 1. მე-2 მუხლის: ა) ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
,,ც) გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა − მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანო − საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში − რესურსცენტრი) ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;“
ცვლილებების თანახმად, გრიფირების პროცესში, გარკვეული ვადით სახელმძღვანელოების მაკეტები საჯარო განხილვისთვის ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება აზრის დაფიქსირება.
,,მუხლი 93. საჯარო განხილვა 1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი), მინისტრის მიერ დადგენილი ვადით ქვეყნდება საჯარო განხილვისათვის. 2. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე (ანონიმურ ეგზემპლარზე) საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება დააფიქსიროს ელექტრონულად. 3. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის. 4. საჯარო განხილვის შედეგების გაზიარების შესახებ რეკომენდაცია მიიღება რეცენზენტთა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“
დოკუმენტის ახალი რედაქციის თანახმად, „ პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით“, -ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.
დოკუმენტის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება