განათლების მინისტრის კანდიდატურა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს აწერს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურებს ახალ პარლამენტს მომავალ კვირაში წარუდგენს, რის შემდეგაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება. საბოლოოდ კი, ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. სწორედ ამ პერიოდში გახდება ცნობილი თუ ვინ მოიაზრება განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე და იგეგმება თუ არა განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფა.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი უკვე დანიშნა, ხოლო ჩაანაცვლებს თუ არა სხვა კანდიდატი მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ რომ მიხეილ ჩხენკელი თანამდებობაზე დარჩება და იმაზე მიუთითებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების დასახელება პრემიერის პრეროგატივაა.
“როგორც არის კანონით დადგენილი, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების დღიდან 9 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას. ასევე კანონით დადგენილ ორი კვირის ვადაში, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მთავრობა. ასე რომ, ამას უახლოეს პერიოდში შეიტყობთ”, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში.
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება
-
„როცა მოსწავლე მშიერია, ის ვერ ისწავლის და როცა მასწავლებელი მშიერია, ვერ ასწავლის!“ – უფასო სასკოლო კვება
by განათლებული ბლოგი
-
„ბედობის დღე ცოტა სხვანაირი პერსპექტივით“ – გასათვალისწინებელი ჩანაწერი ექიმისგან
by განათლებული ბლოგი