„განათლების რეფორმა ერთ, ორ, სამ წელიწადში შესაბამის შედეგებს ვერ მოიტანს“
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელიც ქვეყანაში ერთი წლის წინ დაიწყო, შედეგებს ახლო პერიოდში ვერ მოიტანს და გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი. ამის შესახებ მან დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა მიმართულია ქვეყნის შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების და დისბალანსის აღმოსაფხვრელად.
„ჩვენი ერთ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ის, რასაც დღეს სახელმწიფო აკეთებს, ძირითადად, მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე ამ დისბალანსის აღმოფხვრას. ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს საშუალო და პროფესიული განათლების სფეროებში მიზანმიმართულია ამისკენ. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში საკმაოდ იაფი შრომითი ძალა გვყავს, თუმცა ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა იმ ვიწრო სპეციალიზირებულ პროფესიებში, რომელზე მოთხოვნაც, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში უკვე გარკვეული სამუშაოებია ჩატარებული საშუალო და პროფესიული განათლების მიმართულებით და ამ კუთხით, სამომავლოდ, პარტნიორების და დონორების დიდი იმედი აქვს.
„განათლების და ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ, ერთი წლის წინ დაიწყო სისტემური რეფორმა განათლების სფეროში. დღეს ეს რეფორმა სრულად არის გაშლილი საშუალო სკოლებში, საშუალო განათლების დონეზე და ასევე პროფესიული განათლების თვალსაზრისით უკვე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყრათ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს მოქალაქეებსაც და უნდა ავუხსნათ, რომე ეს ის რეფორმაა, რომელის ერთ, ორ ან სამ წელიწადში შესაბამის შედეგებს ვერ მოიტანს. ამას სჭირდება სისტემური მუშაობა, ამას სჭერდება სტრუქტურირებული და ძალზედ მაღალი კონცენტრაციის მქონე მუშაობა წლების განმავლობაში და ეს ის მიმართულებაა, სადაც დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება