განათლების სამინისტრო: უკრაინელ აბიტურიენტებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის უფლება ეროვნული გამოცდების გარეშე ექნებათ
უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 19 აგვისტოს ავრცელებს.
მიხეილ ჩხენკელის უწყების ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო.
“გამოცდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალი ხარისხის ინტერნეტით აღჭურვილ საგამოცდო სივრცეში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას სპეციალურად გადამზადებული დამკვირვებლები უწევდნენ ზედამხედველობას, რომელთა შერჩევაშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოში უკრაინის საელჩო. გამოცდა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მათემატიკის, ისტორიისა და უკრაინული ენის საკითხებს მოიცავდა. ტესტირებაში მონაწილეობა 64-მა უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო. უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ასევე იხილეთ:
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება