განათლების სამინისტრო სკოლების დალაგება-დასუფთავების სტანდარტის შექმნაზე ახლა მუშაობს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტროში სკოლების დალაგება-დასუფთავების სტანდარტის შექმნაზე მუშაობენ.
მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა აქამდე სისტემაში არ არსებობდა.
„მიმდინარეობს მუშაობა სანიტარულ ჰიგიენური მიმართულებით, აქამდე არ არსებობდა კონკრეტული მიმართულება განათლების სისტემაში. შეიქმნა გარკვეული პროექტი, რომლის ფარგლებში ვმუშაობთ გარკვეულ სტანდარტებზე. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ფარგლებში განათლების სამინისტრომ იმუშავა, რომ ყველა სკოლა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო საშუალებებით. სკოლას ექნება პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერი თავის ხსნარით, თერმოსკრინინგის აპარატები და ა.შ. ყველაფერი ეს სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა. ასევე, რეკომენდაციების ფარგლებში, წელს ყველა სკოლა იქნება აღჭურვილი ხელსახოცებით, ხელის დასაბანი საშუალებებით და ა.შ. დალაგება დასუფთავების მიმართულების სტანდარტზე ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ სკოლა მომზადებული დახვდეს ახალ სასწავლო წელს“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
მისვე თქმით, უკვე დასასრულს უახლოვდება სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი და ახალ სასწავლო წელს, ყველა მოსწავლე სარგებლობაში მიიღებს უფასო სახელმძღვანელოებს. რაც შეეხება სკოლის შენობაში მშობლების შესვლის საკითხს, მინისტრის მოადგილის თქმით, რეკომენდირებული არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება.
„განსაზღვრულია, რომ სკოლის შენობაში მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ პერსონალს სავალდებულოდ უნდა ეკეთოს პირბადე. მოსწავლეების შემთხვევაში სავალდებულო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ თუ მოსწავლეს აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, ეს მისაღებია და არავინ არ დაუშლის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პირბადის ტარების წესის დაცვის მიმართებაში შეიძლება იყოს გარკვეული გამოწვევები მოსწავლეებში, ამიტომ თუ ჩვენ დავიცავთ ერთმეტრიან დისტანციას საკლასო ოთახებში და სკოლებშიც მაქსიმალურად ეცდებიან შესვენებაზეც მოხდეს დისტანციის კონტროლი, ჩვენ მაქსიმალურად ავირიდებთ საფრთხეებს. რაც შეეხება სკოლის შენობაში მშობლების შესვლას, ეს აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა რეგულაციაში ესეც წერია, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, რომ უცხო პირები შევიდნენ სკოლაში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მშობელი იქნება თუ სხვა უცხო პირი, შევიდეს სკოლაში“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება