GE

განათლების სამინისტრო სსსმ მოსწავლეების გაცდენებზე რეაგირების წესის ცვლილებაზე მუშაობს

სამინისტროების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ინკლუზიური განათლების პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტროს გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ მაქსიმალურად გაიზიარა სახალხო დამცველის შენიშვნები. მისი თქმით, განათლების სამინისტრო ყოველი წლის ბოლოს იღებს სკოლებიდან მონიტორინგის შედეგებს და დაახლოებით 1 330 სკოლას უკვე აქვს შემუშავებული ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუშაობენ ინდიკატორებზე, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას აკონტროლოს გაცდენის მიზეზები სკოლებში და გამოწვევების დანახვა, რაც შეიძლება არსებობდეს მოსწავლესთან მიმართებაში.

„ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია არსებობდეს სკოლის სამოქმედო გეგმა და მონიტორინგი. განათლების სამინისტრომ დაამტკიცა ბრძანება, ეს არის ნორმატიული აქტი, სადაც არის გაწერილი ყველა რეგულაცია თუ როგორ უნდა მოხდეს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა სკოლებში. დღეს განათლების სამინისტრო ყოველი წლის ბოლოს იღებს მონიტორინგის შედეგებს და გარდა ამისა, დაახლოებით1330 სკოლას აქვს უკვე შემუშავებული ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა. ასევე, ერთი საკითხი გახლდათ 90 დღის განმავლობაში მოსწავლის არგამოცხადების შემთხვევაში რეაგირების მექანიზმის შემუშავება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული ინდიკატორები გავწერეთ და გვინდა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის უკვე შევძლოთ რეაგირება. მაგალითად, როდესაც გააცდენს 90 დღის 10, 20, 40 პროცენტს, რას აკეთებს სისტემა. იმიტომ, რომ უფრო მეტი ჩარევა მოხდეს ამ შემთხვევაში და დანახვა გამოწვევებისა და სირთულეების, რაც არსებობს მოსწავლესთან მიმართებაში, ეს შეიძლება იყოს ოჯახური პრობლემები, შეიძლება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყოს მოსწავლე და ა.შ.“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეიმუშავა სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის ჟესტური ენის სტანდარტი, რომელიც სკოლებში სექტემბრიდან დაინერგება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური