გარე დაკვირვების მომლოდინეთა საყურადღებოდ მასწავლებლის სახლი განმარტებას აკეთებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იმ პედაგოგებისთვის ვინც დარეგისტრირდა გარე დაკვირვების გასავლელად, განმარტებას აკეთებს:
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმ პედაგოგებს რომლებთანაც დაგეგმილი იყო პირისპირ ფორმატში გარე დაკვირვება და სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმში, ეძლევათ შემდეგი შესაძლებლობა:
ან გაიარონ გარედაკვირვება იმ ფორმატში, რომელი ფორმატითაც მუშაობს სკოლა (დისტანციურად), ან გადაუვადდებათ გარე დაკვირვება დეკემბერში, იმ საგაკვეთილო ფორმატით, რომელიც იმ კონკრეტული კლასის გეგმით იქნება გათვლილი.
და თუ დეკემბერში არ იქნება პირისპირ სწავლების ფორმატი, იგეგმება ცვლილება, რომ მათ საშუალება მიეცეთ პროცესი გაიარონ დისტანციურად ან კვლავ გადაავადონ მეორე სემესტრში.
ვადის ცვლილების სურვილის შემთხვევაში უნდა მოგვმართოთ წერილობით”, – აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
გარე დაკვირვებისთვის რეგისტრაცია ოქტომბრის დასაწყისში წარიმართა და მასწავლებლების ნაწილს განმეორებით მოუხდა რეგისტრაცია, რადგან მათ კორონავირუსის პანდემიის გამო, გარე დაკვირვების გავლა ერთხელ უკვე გადაუვადდათ.
“თუ როგორი ფორმით იქნება გარე დაკვირვების პროცესი, ჩვენ ამ შემთხვევაში დამოკიდებული ვართ არსებულ მდგომარეობაზე, ეპიდსიტუაციაზე და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე. სკოლები თუკი პირისპირ რეჟიმში იმუშავებენ, ჩვენ მაშინ მასწავლებელს პირისპირ რეჟიმში დავაკვირდებით, თუკი სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე, ამ შემთხვევაში ონლაინ დავაკვირდებით და პროცესები აღარ გადაიწევს. ამის შესაძლებლობა მოგვცა კანონმდებლობის ცვლილებამ, ზოგადი განათლების შესახებ კანონში დისტანციური სწავლება აღიარებულია და შესაბამისად, უკვე ჩვენც გვაქვს უფლება, რომ გაკვეთილს დავაკვირდეთ ონლაინ და შესაბამისი სტატუსიც მივანიჭოთ. ერთი სემესტრის მანძილზე დავასრულებთ ამ პროცესს და სემესტრის ბოლოს, ვინც წარმატებით გავლის ონლაინ თუ პირისპირ ფორმატში გარე დაკვირვებას, ჩვენ სტატუსებს მივანიჭებთ“, – ამბობდა რეგისტრაციის დაწყებამდე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება