GE

გრიფირებული სახელმძღვანელოების გამოყენებისთვის სახელმწიფო ავტორებს 3 485 383.76 ლარს გადაუხდის

გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორები, 4 წლის მანძილზე, სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით 3 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ. სალიცენზიო ხელშეკრულებების თანახმად, იმისთვის რომ განათლების უწყებამ სახელმძღვანელოების ბეჭდვა, გავრცელება და გამოყენება შეძლოს, მათ ავტორებს ანაზღაურება უნდა გადაუხადოს. შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ (ესიდა) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

„სასკოლო სახელმძღვანელოებს შესაბამისი ბრძანებებით მინიჭებული აქვთ გრიფი. ამასთან, გრიფირების დასრულებისა და სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელებსა და სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 ივნისის N519421 ბრძანებით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფორმდება ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სახელმძღვანელოების რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების, მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება გადაეცემა სააგენტოს, რომელმაც საავტორო უფლებების მფლობელებს უნდა გადაუხადოს ჰონორარი“, – ვკითხულობთ შესყიდვების დოკუმენტაციაში.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გრიფირებული სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ ავტორებთან 6 წლიანი ხელშეკრულებებია გაფორმებული,

„I-VI კლასის სახელმძღვანელოების საავტორო უფლების მფლობელებთან 2018 წელს, ექვსი წლის ვადით გაფორმებულია შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების ფარგლებში შესაბამისი სახელმძღვანელოების ავტორებს სააგენტომ უნდა გადაუხადოს ჰონორარი დაბეჭდილი სახელმძღვანელოების ტირაჟებისთვის. ასევე, VII კლასის სახელმძღვანელოების საავტორო უფლების მფლობელებთან 2019 წელს, ექვსი წლის ვადით გაფორმებულია შესაბამისი სალიცენზიო ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების ფარგლებში შესაბამისი სახელმძღვანელოების ავტორებს სააგენტომ უნდა გადაუხადოს ჰონორარი დაბეჭდილი სახელმძღვანელოების ტირაჟებისთვის“, – ვკლითხულობთ დოკუმენტაციაში.

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ვადა 2020 წლის 31 ივლისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური