GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მედიცინის ახალი ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელება დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მედიცინის ახალი ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელება სულ რამდენიმე თვეა დაიწყო. სპეციალურად ამ პროგრამისათვის საბურთალოს კამპუსში ახალი სიმულაციური ცენტრი მომზადდა უახლესი აღჭურვილობითა და თანამედროვე სასწავლო რესურსებით, რომელიც უნიკალურია და ჩვენს რეგიონში ანალოგი არ ჰყავს.

ეს საშუალებას მისცემს მედიცინის პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები გაიარონ ზუსტად იმ სიმულაციურ გარემოში, რომელშიც შემდგომ მოუწევთ მუშაობა. თანამედროვე ფანტომებზე ჩატარებული მეცადინეობები საგრძნობლად აამაღლებს კლინიკური პრაქტიკის ეფექტს და, საბოლოო ჯამში, სტუდენტთა პროფესიულ დონეს.

პროგრამას პროფესიონალი მედიკოსებისა და საერთაშორისო ტრენერთა გუნდი უძღვება. უნივერსიტეტი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდთან.

სიმულაციურ ცენტრში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის უკვე ჩატარდა საერთაშორისო აკრედიტაციის ტრენინგი -EMS-CPR/AED. სასწავლო კურსს უძღვებოდა ფონდის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკული Health & Safety Institute-ის და საერთაშორისო ტრენინგცენტრის – EMS Safety Training Center (http://www.emssafetyservices.com) – ავტორიზებული ინსტრუქტორი და საერთაშორისო ტრენერი ხალიანა ჟღენტი.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა გაიარეს პრე და პოსტტესტირება და ჩააბარეს გამოცდა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში.

გამოცდა პრაქტიკულ უნარ- ჩვევებში, იხილეთ ვიდეოებში:

კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ფონდი ახალ აკრედიტირებულ სასწავლო კურსებსა და სემინარებს (EMS-CPR/AED, First Aid, Bloodbourne, Emergency Oxygen, Childcare, Food Safety) შესთავაზებს სტუდენტებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური