GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მედიაციის ცენტრი დაარსდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე მედიაციის ცენტრი დაარსდება, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი უხელმძღვანელებს.

ცენტრის საქმიანობაში აკადემიურ პერსონალთან და პრაქტიკოს მედიატორებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ კვლევებსა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებში, მოამზადებენ პუბლიკაციებს სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ, განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს და სხვა.

უნივერსიტეტისა და მედიატორთა ასოციაციის საერთო ინტერესების სფეროში შემავალი ეს და სხვა აქტუალური საკითხები გახდება ამ უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება – აღნიშნულია მემორანდუმში, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის 11 ივნისს მოეწერა.

მედიაციის ინსტიტუტის საქმიანობის განვითარებისა და პოპულარიზაციის გარდა, ამგვარი თანამშრომლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პანდემიის გამო შეცვლილი სასწავლო გარემო და ახალი გამოწვევები სულ უფრო აქტუალურს ხდის სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენების აუცილებლობას.

სამოქალაქო დავების დისტანციური მედიაციის საშუალებით, კერძოდ კი, ელექტრონული მედიაციის წარმოების პლატფორმის გამოყენებით გადაწყვეტა სტუდენტებს ამ ვითარებაში უდავოდ საინტერესო გამოცდილებას შესძენს; პრაქტიკოს მედიატორებთან თანამშრომლობა და მედიაციასთან დაკავშირებით მიმდინარე და უახლესი ინფორმაციის გაცნობა კი მათ პროფესიულად გაზრდის.

მემორანდუმით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური