გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა 28 სექტემბერს დაიწყება – რექტორის მიმართვა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა 28 სექტემბერს დაიწყება. უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე ოფიციალურ გვერდზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო მეგობარო,
გილოცავ სტუდენტობას, ყველაზე რომანტიკული და ახალი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების დაწყებას… მაგრამ, დამეთანხმე, რომ რომანტიკა და ახალი თავგადასავლები არ ნიშნავს მხოლოდ ბოჰემას. ის, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთარი პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურზე აყვანას; ახალი ცოდნის დაუფლებას, თანამედროვე საზოგადოებრივი ტენდენციების შეცნობასა და საღ ანალიზს; მეცნიერების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ხელოვნების გლობალური განვითარების კანონზომიერების შესწავლას და გააზრებას; ახალი გამოცდილების მიღებას, ახალი მეგობრების შეძენას. გახსოვდეს დიდი ილიას სიტყვები: ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია.
სწორედ, რომ ასეა – თანამედროვე საზოგადოებას ხომ ცოდნის საზოგადოებას უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, თავისი ცოდნის ფარგლების გათვალისწინებით, შეიძლება დაბალი სოციალური ფენიდან მაღალ ფენაში აღმოჩნდეს და პირიქით. ამის კონკრეტული მაგალითები ბევრია ჩვენს ყოფაში.
ისევ ილიას სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, ყოველდღე ჰკითხე შენს თავს დღევანდელმა დღემ რა შეგძინა, რამდენად წაიწიე და ამ დღეს ვის რა არგე… გარწმუნებ, თუ ამ პრინციპებით გაატარებ სტუდენტურ წლებს, გარანტირებული გექნება წარმატებული ხვალინდელი დღე…
მაშ, ერთად შევქმნათ შენი მომავალი აქ, გრუნი-ს კედლებში…
ღრმა პატივისცემით,
რექტორი, პროფესორი
მამუკა თავხელიძე”
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი