გულშემატკივრები დისტანციას არ იცავენ – აბიტურიენტების განწყობების გამოცდის წინ
პანდემიის მიუხედავად, აბიტურიენტებს ოჯახის წევრები, საგულშემატკივროდ, საგამოცდო ცენტრებთან წელსაც შეიკრიბნენ. თუკი უშუალოდ ცენტრების ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ აბიტურიენტები 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ნაწილდებიან, გარეთ გზის გაკვლევა მათ სრულ ქაოსში, სიმჭიდროვესა და ხალხმრავლობაში უწევთ. გლდანის 177-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ ცენტრთან გულშემატკივრები ადრიანად შეიკრიბნენ. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ისინი ჯგუფებად დგანან, არ იცავენ არანაირ დისტანციას და ამავდროულად, არც ნიღბები უკეთიათ. როგორც ჩანს, ისინი დაშლას გამოცდის დასრულებამდე არ აპირებენ.
ანალოგიური სიტუაციაა, ზუგდიდი, ქუთაისისა და თბილისის სხვა საგამოცდო ცენტრებშიც. დისტანცია ან სრულად ან პერიოდულობით ირღვევა გულშემატკივრების მხრიდან.
გამოცდაზე შესვლამდე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აბიტურიენტები აცხადებენ, რომ მათთვის განსაკუთრებული სტრესი პირბადით წერას უკავშირდებოდა, დანარჩენ დეტალებს კი, როგორიც თერმოსკრინინგია უკვე ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ეს უკვე ცხოვრების ჩვეულ სტილად ექცათ.
მერაბი: ,,ჩვეულებრივად ვარ განწყობილი, როგორც ვიქნებოდი სხვა ვითარებაც რომ ყოფილიყო. ერთადერთი, პირბადე რომ უნდა მკეთებოდა წერის დროს მაგაზე ვნერვიულობდი, ახლა მოხსნა შემიძლია და ვფიქრობ, არც არაფერი შემიშლის ხელს ტესტის დაწერაში”.
აბიტურიენტების ნაწილი კი უფრო საკითხებზე ფიქრობს. მათი თქმით, მეორე სემესტრში სრულფასოვნად ვერ მოემზადნენ და იმედოვნებენ რომ ეს ფაქტორი ტესტებში გათვალისწინებული იქნება.
,,იმედია, პროგრამულად ისეთი საკითხები მოვა, რომლისთვისაც მზად ვართ. მეორე სემესტრში ვერც სწავლა და ვერც მეცადინეობა ვერ შევძელით როგორც საჭირო იყო. ჩემთვის ეს უფრო სანერვიულოა, ვიდრე პირბადე და მსგავსი საკითხები, რადგან ამ სიტუაციას ასე თუ ისე მივეჩვიეთ”, – ამბობს კიდევ ერთი აბიტურიენტი 173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 3 საათი და 45 წუთი გაგრძელდება და მხოლოდ ერთ სესიად ჩატარდება. რა სირთულის იქნება ტესტები და როგორ გაართმევენ თავს კორონავირუსის თაობის აბიტურიენტები გამოწვევას, გამოცდის დასრულებისთანავე, მათი შეფასებებიდან გავიგებთ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება