„კერძო სკოლების პოპულარობის მთავარი მიზეზი მომხმარებლის აღქმით, მათ მიერ შეთავაზებული განათლების უფრო მაღალი ხარისხია“
„კერძო სკოლებში იზრდება, როგორც მოსწავლეების, ისე სწავლის საფასურის მოცულობა, რაც მომხმარებლის აღქმით კერძო სკოლების მიერ ხარისხიანი განათლების მიწოდებას უკავშირდება”, – ვკითხულობთ საგანმანათლებლო სისტემის კვლევაში, რომელიც საინვესტიციო კომპანია GALT&TAGGART-ის მიერ ჩატარდა.
კვლევის ავტორთა აზრით, ზოგადი განათლების საფეხურზე კერძო სექტორის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ურბანიზაცია და პოზიტიური დემოგრაფიული ტენდენციები საშუალოვადიან პერიოდში. იმის მიუხედავად, რომ საჯარო სექტორი კვლავ განათლების მთავარ მიმწოდებლად რჩება, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„კერძო სკოლების პოპულარობის მთავარი მიზეზი მომხმარებლის აღქმით მათ მიერ შეთავაზებული განათლების უფრო მაღალი ხარისხია. საქართველოში მოსწავლეების 10.6% სწავლობს კერძო სკოლებში 2019/20 სასწავლო წლის მდგომარეობით, როცა იგივე მაჩვენებელი 2009/10 წელს იყო 7.6%. ზოგად განათლების სექტორში კერძო სექტორის წილით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს შესადარის ქვეყნებს რეგიონში (2.5%). კერძო განათლება საქართველოში ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის: კერძო სკოლაში ერთი ბავშვის სწავლება ოჯახის შემოსავლის საშუალოდ 25%-ს მოითხოვს“, – ვკითხულობთ კვლევაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, კერძო სკოლების საშუალო შემოსავალმა ერთ მოსწავლეზე 2019 წელს 3,700 ლარს მიაღწია, ხოლო კერძო სკოლების წმინდა მოგების მარჟა 2018 წელს 19.7%-ს შეადგენდა.
„კერძო სექტორის შემოსავლების ზრდა განპირობებულია როგორც ჩარიცხვების ისე სწავლის საფასურის ზრდით. აღსანიშნავია, რომ 2009-19 წლების განმავლობაში საშუალო შემოსავალი ერთ მოსწავლეზე გასამმაგდა 1,100 ლარიდან 3,700 ლარამდე”, – აღნიშნულია კვლევაში.
ამჟამად, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში 2,313 სკოლა საქმიანობს, აქედან 2,086 საჯარო და 227 კერძო დაწესებულება. აღსანიშნავია, რომ 2009-2019 წლებში სკოლების საერთო რაოდენობას 149 სკოლა გამოაკლდა. კვლევის თანახმად, აღნიშნული პროცესი საჯარო სკოლების ოპტიმიზაციამ (ძირითადად სოფლად) და კერძო სკოლებისთვის ავტორიზაციის მოთხოვნის შემოღებამ გამოიწვია, რაც ზოგიერთი კერძო სკოლის დახურვის მიზეზი გახდა.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება