კიდევ ერთი დაინფიცირებული პირველკლასელი თბილისში – სად დაიხურა და სად გაიხსნა სკოლები
თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფიქსირდება. როგორც EDU.ARIS.GE–სთვის გახდა ცნობილი, თბილისის 151-ე საჯარო სკოლის პირველი კალასის მოსწავლეს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. სკოლა სასწავლო პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს, რადგან ბავშვი ბოლო დღეების მანძილზე სკოლაში არ დადიოდა, იზოლაციაში კონკრეტული კლასი და მისი დამრიგებელი იმყოფებიან და სწავლას ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ.
EDU.ARIS.GE-ს სკოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ აღნიშნული მოსწავლე გასული კვირის ხუთშაბათს და პარასკევს სკოლაში არ გამოცხადდა. მოგვიანებით კი მშობელმა სკოლას შეატყობინა, რომ ბავშვს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
„რადგან მოსწავლე წინა კვირაში არ მოვიდა, მოვიკითხეთ და გავარკვიეთ რომ 37,4 ჰქონდა ტემპერატურა. არსებული რეგულაციებით, როდესაც მოსწავლე სკოლას აცდენს, არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურა აქვს თუ არა, მშობელი უნდა მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში და აიღოს ჯანმრთელობის ცნობა. ამ შემთხვევაშიც მივიდნენ კლინიკაში და მოვიდა ჩვენამდე ინფორმაცია გუშინ საღამოს, რომ ბავშვს ჰქონია უსიმპტომო კოვიდინფექცია. მაშინვე დავუკავშირდით და გავაფრთხილეთ, რომ იმ კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი სკოლაში არ გამოცხადებულიყვნენ და 2 კვირის განმავალობაში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. დავუკავშირდით რესურსცენტრსაც. სკოლაში ჩატარდა დეზინფექცია, ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა რეგულაციას. რადგან ამ მოსწავლის კონტაქტები არ გადიოდა პირველი კლასიდან, სკოლა აგრძელებს სასწავლო პროცესს. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მოსწავლის ოჯახთან ბავშვი თავს ძალიან კარგად გრძნობს, არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი“, – აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.
ინფექციის ფაქტი დადასტურდა ფოთის მესამე საჯარო სკოლაში, სადაც კორონავირუსი ექიმს დაუდგინდა. სასწავლო დაწესებულებაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, მათი ინფორმაციით, სკოლის ექიმს კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, ხოლო ვირუსი გეგმური შემოწმებისას დაუდასტურდა. ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა, ლელა კემულარიამ განაცხადა, რომ სკოლა ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
,,ეპიდემიოლოგები ამ წუთებში იკვლევენ კონტაქტებს. მეორე ცვლა, რომელმაც სწავლა 13:00 საათზე უნდა დაიწყოს, უკვე დავაგზავნეთ ჯგუფებში შეტყობინებები, რომ სწავლა არ იქნება. სასურველია, დეზინფექცია ჩატარდეს ოთახებში და მთლიანად შენობაში. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ ისინი თავიანთ საქმეს გააგრძელებენ. სამინისტროს უკვე შევუთანხმდით და ორშაბათიდან გადავალთ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე“, – განაცხადა ლელა კემულარიამ.
შიდა ქართლში დღეს კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევიდან 1 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია, ის სკოლის მოსწავლეა.
რაც შეეხება ინფექციის გამო დახურულ სკოლებს, I-VI კლასებში ჩვეულ სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა, სადაც ინფექცია ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, თუმცა ის სკოლაში არ დადიოდა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი