GE

კოლეჯი „ჰორიზონტი“ ოზურგეთში – სასწავლებელი საიდანაც ადგილობრივების განათლება და კარიერა იწყება

ქალაქ ოზურგეთში მდებარე პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ ერთადერთი პროფესიული სასწავლებელია გურიის რეგიონში. ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივებისთვის ძირითადი განათლების კერაა, საიდანაც ისინი სწავლასა და საკუთარი კარიერის შექმნას იწყებენ. მომავალი წლიდან კოლეჯის ორი ფილიალი ჩოხატაურში ამოქმედდება და პროფესიული განათლებით დაინტერესებულ მეტ მსურველს დააკმაყოფილებს. კოლეჯის გეგმებში შედის საერთო საცხოვრებელის აშენებაც, ვინაიდან სტუდენტთა დიდი ნაწილი აქ ოზურგეთის მიმდებარე და სხვა რაიონის სოფლებიდან ჩამოდის.

მრავალპროფილური საგანმანათლებლო პროგრამები, უფასო სწავლება, აქტიური თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და კარგი ანაზღაურება ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც „ჰორიზონტში“ სასწავლებლად არამხოლოდ გურიიდან, არამედ მეზობელი რეგიონებიდანაც ჩამოდიან.

იხილეთ „ჰორიზონტის“ პროფესიული პროგრამები

ვინაიდან კოლეჯი გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული კოლეჯია, ადგილობრივი ინვესტორები თუ მსხვილი ბიზნესკომპანიები კვალიფიციური კადრების მოძიებისთვის პირველ რიგში სწორედ „ჰორიზონტს“ მიმართავენ. თქვენ აქ შეხვდებით ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „პარაგრაფში“ და სევე სამკერვალო ფაბრიკა „დენიმში“ წარმატებით დასაქმებულ კურსდამთავრებულებს, სადაც ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია იკერება როგორიცაა „მასიმო დუტი“ და „ზარა“. დასაქმების საშუალო მაჩვენებელი კი, კურსდამთავრებულთა შორის, პროფესიების მიხედვით 70-დან 90%-მდე მერყეობს.

„ჩვენი კურსდამთავრებულები ძირითადად ისევ გურიის რეგიონში საქმდებიან, ამიტომაც  კოლეჯი პროგრამებს ახორციელებს რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. რეგულარულად ტარდება მოკვლევა თუ რა არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. შესაბამისად, მუდმივად მზად ვართ სიახლეებისთვის, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები სრულად აკმაყოფილებდნენ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ კოლეჯის განვითარებაზე, ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სტანდარტებს. იგეგმება კოლეჯის პედაგოგთა გაცვლით პროგრამებში ჩართვა მათი კვალიფიკაციის საზღვარგარეთ ამაღლების მიზნით“,  – აცხადებს კოლეჯის დირექტორი ნანა ჯოლია.

„ჰორიზონტში“ სწავლის მსურველთა რაოდენობა როგორც გოგონების, ისე ბიჭების მხრიდან, წლიდან-წლამდე იზრდება, რასაც ახალი მონაცემებიც ამტკიცებს. 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე 171 ვაკანტურ ადგილზე 253-მა აპლიკანტმა შემოიტანა განაცხადი და შედეგად ყველა გამოცხადებულ პროგრამაზე კონკურსი დაფიქსირდა.

სწავლის ეტაპები და პრაქტიკის შესაძლებლობა

ამ ეტაპზე კოლეჯში სწავლა 17 საგნობრივ და 6 მოდულურ პროგრამაზეა შესაძლებელი. მათ შორის 5 მოდულურ პროგრამაზე კოლეჯმა მიღება წელს პირველად განახორციელა, ესენია – თმის მომსახურება, კულინარის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, ბართენდერი და ელექტროობა.

„ჰორიზონტში“ ნებისმიერი მიმართულების პედაგოგს და სტუდენტს დამატებით უტარდებათ უცხო ენის, კონკრეტულად კი ინგლისური ენის გაკვეთილები. კურსს ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი უძღვება, რაც ნიშნავს რომ გაკვეთილი ძირითადად ინგლისურ ენაზე წარიმართება და სტუდენტებს უცხო ენაში მეტი პრაქტიკის შესაძლებლობას აძლევს. კოლეჯში სულ ცოტახნის წინ შეიქმნა პროფესიული ტერმინოლოგიების ინგლისურ-ქართული ლექსიკონების ბიბლიოთეკა, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ზოგადი ინგლისურის გარდა, საკუთარ პროფესიაში არსებული ტერმინოლოგიაც აქტიურად აითვისონ.

სტუდენტებს სწავლის პროცესში თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობებიც უტარდებათ. კოლეჯი უახლესი სასწავლო მატერიალური ბაზითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. ეს ხელს უწყობს პროფესიული განათლებით დაინტერესებულებს, რომ  სწავლის პროცესშივე გაეცნონ არა მხოლოდ სამუშაოს სპეციფიკას, არამედ სამუშაო დანადგარებსაც, რაც, თავის მხრივ, კურსდამთავრებულებს სამსახურის დაწყებისას დიდ უპირატესობას აძლევს.

სწავლება თეორიულთან ერთად საწარმოო პრაქტიკის გავლასაც ითვალისწინებს და სწორედ ამ მიზნით, კოლეჯს ასზე მეტ კომპანიასთან აქვს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ  საწარმოო პრაქტიკას გადიან. პრაქტიკის ხანგრძლივობაც პროფესიაზეა დამოკიდებული და 4-დან 8 კვირამდე გრძელდება.

კოლეჯში სწავლის ხანგრძლივობა სხვადასხვა პროფესიაზე განსხვავებულია და მინიმუმ 6 თვეს, მაქსიმუმ კი 1 წელს და 7 თვეს შეადგენს. სწავლა უფასოა და მსურველთა  ჩარიცხვა წელიწადში  ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, ერთიანი ეროვნული პროფესიული ტესტირების  გზით ხორციელდება.

დასაქმება და ანაზღაურება

სამკერვალო, სარესტორნო და სასტუმრო საქმე, კულინარიის ხელოვნება – სწორედ ეს მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი კოლეჯის პროფესიულ პროგრამებს შორის. როგორც კოლეჯში ამბობენ, ამ პროფესიების პოპულარობა გურიის რეგიონის შრომის ბაზარზე სწორედ ამ პროფესიის კადრების საჭიროებამ გამოიწვია და აღნიშნული სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელიც მაღალია – დაახლოებით 90%.

იხილეთ „ჰორიზონტის“ პროფესიული პროგრამები

„200-მდე დიდი და პატარა საწარმოა სასტუმროების სახით, რომლებიც წლებია ითხოვენ კვალიფიციურ კადრებს. გამომდინარე იქიდან, რომ იზრდება უცხოელი ტურისტების შემოსვლაც, მეტ ხარისხსაც ითხოვენ მომსახურებაში და კვალიფიციური კადრების არსებობაც უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ტურისტულ სეზონზე დასაქმების მაჩვენებელი 90%-მდე იზრდება. რაც შეეხება სამკერვალო ფაბრიკას, რომელშიც ცნობილი ბრენდების, „მასიმო დუტისა“ და „ზარას“ პროდუქცია იკერება, მისმა გახსნამ სტუდენტებს დიდი შესაძლებლობები მისცა საწარმოო პრაქტიკის გავლისა და დასაქმებისთვის. ამ მიმართულების კურსდამთავრებულთაგან უმუშევარი ფაქტობრივად არავინ რჩება. სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობა აქ სპეციალური საჭიროების პირებსაც აქვთ და მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია“,  – ამბობენ კოლეჯში.

ასევე, 90%-იანი დასაქმების მაჩვენებლი აქვს ელექტრიკოსის და შემდუღებლის სპეციალობასაც. რაც შეეხება თვითდასაქმებას, ამ მხრივ ის სტუდენტები ლიდერობენ, ვინც ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამაზე ისწავლა.

როგორც კოლეჯში განმარტეს, კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი კერძო სექტორში საქმდება. დასაქმებულთა ანაზღაურება კი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია პროფესიაზე და ის 450–ლარიდან 2000–ლარამდე მერყეობს.

პარტნიორები

პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ შექმნილია კარიერული წინსვლის სამსახური, რომელიც მუდმივად ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. დღეისათვის კოლეჯს 100-ზე მეტი თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული სხვადასხვა დაწესებულებასთან, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებთან და კადრების საჭიროების შესახებ მუდმივად გადიან კონსულტაციებს.

კოლეჯის ყველაზე აქტიური დამსაქმებლები არიან სამკერვალო ფაბრიკა „დენიმი“ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფი“. ეს უკანასკნელი აქტიურად არის ჩართული სასწავლო მოდულების განვითარებაში, რაც სასწავლო პროგრამაში ისეთი საკითხების შეტანას გულისხმობს, რომელთა ცოდნაც სასტუმროში მომუშავე კადრებს აუცილებლად სჭირდებათ.

ამ მომენტისთვის „პარაგრაფში“ კოლეჯის 30-მდე კურსდამთავრებულია დასაქმებული. როგორც სასტუმროს კადრების მართვის სამსახურის დირექტორი დავით ყიფიანი აცხადებს, „ჰორიზონტში“ მომზადებული სპეციალისტები სასტუმროში თითქმის ყველა მიმართულებით საქმდებიან.

„ჩვენთვის კოლეჯ „ჰორიზონტის“ არსებობა რეგიონში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან აქ კვალიფიციური კადრის მოიძიება პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, კოლეჯი ძალიან გვეხმარება მეტ-ნაკლებად მომზადებული კადრების მოწოდებაში. სასტუმროში თითქმის ყველა მიმართულების ვაკანსიებზე საქმდებიან, მათ შორის არიან მიმტანები, მზარეულები, დასუფთავების განყოფილების თანამშრომლები, ფრონტოფისის თანამშრომლები და სხვ. ზოგადად, პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს რეგიონში და ძალიან კარგი სიმბიოზია, როცა სტუდენტები უშუალოდ სწავლობენ იმას, რაც შემდეგ პირდაპირ დასაქმების საშუალებას აძლევთ“, – გვითხრა დავით ყიფიანმა.

კოლეჯის შესახებ

კოლეჯის ისტორია 1955 წლიდან იწყება, თუმცა თანამედროვე პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ სწავლის მსურველებს 2011 წლიდან ღებულობს. ამ დროისთვის კოლეჯს 3000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, საიდანაც 70% დასაქმებულია.

კოლეჯის შენობა სრულად რეაბილიტირებული და  აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესშივე აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები. კოლეჯში ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი  სამკერვალო, სილამაზის სალონი, სამზარეულო, ბარი,  CISCO-ს აკადემიის ლაბორატორია და სხვა სახელოსნოები.

როგორც კოლეჯში აცხადებენ,  მათთვის საამაყოა, როცა კოლეჯიდან გასული სტუდენტი აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით საქმდება, როგორც კვალიფიციური კადრი. მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც „ჰორიზონტი“ ბევრი კომპანიისთვის საიმედო პარტნიორია,

„პროფესიული განათლება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ძირითადად დაფუძნებულია კვალიფიციურ კადრებზე. ვინ თუ არა პროფესიული კოლეჯები არიან ამის სამჭედლო, სადაც ხდება შრომის ბაზარზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი კადრების მზადება. ქვეყნის გაძლიერებისთვის კი სწორედ ეს არის მთავარი“, – ამბობს კოლეჯის დირექტორი ნანა ჯოლია.

იხილეთ „ჰორიზონტის“ პროფესიული პროგრამები

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური