GE

,,კორონა არა კორონია, არ მინდა და არ ვიცავ!“ – გულშემატკივარი გორის საგამოცდო ცენტრიდან და ინფექციონისტების შიში

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე გულშემატკივართა განსაკუთრებული მობილიზების გამო შექმნილ ვითარებას ინფექციონისტები საგანგაშოდ აფასებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ადამიანების დიდი თავშეყრა ინფექციის შესაძლო გავრცელების ერთ-ერთი წინაპირობაა.

,,მოვუწოდებ ყველა აბიტურიენტს დატოვონ სახლში მშობლები და სხვა გულშემატკივრები, რადგან თავიდან ავიცილოთ შეკრებები და დიდი თავშეყრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ინფიცირებული აბიტურიენტის ან გულშემატკივრის არსებობის შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ვირუსის გავრცელებას თავს ვერ ავარიდებთ“, – ამბობს ინფექციონისტი მარიამ გიუნაშვილი.

,,აუცილებელია დისტანციის დაცვა და ყველა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გასცემს. არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ აუცილებლად უნდა ვატაროთ ნიღაბი და მოვერიდოთ ხალხმრავლობას“, – ამბობს ინფექციონისტი მერაბ ჭიჭინაძე.

სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებას არ აპირებენ აბიტურიენტების გულშემატკივრები. მათ ნაწილს ვირუსის არსებობის არ სჯერა და ფიქრობენ, რომ  რეკომენდაციების დაცვა საჭირო არაა. ნაწილი კი ამბობს, რომ ,,კოვიდ 19“-ის პრევენციის მიზნით დადგენილი წესების დაცვა უჭირთ.

,,კორონა არა კორონია. არ მინდა და არ ვიცავ რეკომენდაციებს. მე არ მეშინია ვირუსის, მოვიდეს და მეც აქ დავხვდები“, – გვითხრა გორის საგამოცდო ცენტრთან მისულმა გულშემატკივარმა ელენე ქებაძემ.

,,ძალიან ვნერვიულობ და სულ დამავიწყდა ნიღბის გაკეთება, თუმცა მგონი არააა საჭირო, მაინც არავინ იყენებს და აქ ყველა ასეა ხომ ხედავთ“, – ამბობს ნაზი მთვარაძე.

,,სახლში ნამდვილად ვერ დავრჩები. ახლა წყდება ჩემი შვილის მომავალი. სხვა დროს ვეცდები გავითვალისწინო და ნიღბით მოვიდე“, – გვითხრა მანანა ქობულაშვილმა.

საგამოცდო ცენტრთან არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლობა. ისინი ამბობენ, რომ გარე პერიმეტრის კონტროლი სამართალდამცველების ვალდებულებაა.

,,ხალხის ნაკადი გარე პერიმეტრზე პოლიციამ უნდა აკონტროლოს. ჩვენ პასუხს შიდა პერიმეტრზე ვაგებთ და აქ ყველაფერი წესრიგშია“, – გვითხრეს გორის საგამოცდო ცენტრში.

საგამოცდო ცენტრებთან მობილეზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა ჩვენი ადგილზე ყოფნის დროს აბიტურიენტების გულშემატკივრები დისტანციის დარღვევის გამო არ გაუფრთხილებიათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური