კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ქუთაისში რამდენიმე სკოლა დაიხურა
კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, ქუთაისში რამდენიმე სკოლა დაიხურა. სასწავლო პროცესი დღეს არ შედგა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლაში. ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი მე-3 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.
ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, თუმცა ის სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილზე წიგნების გასატანად იმყოფებოდა. სკოლას დეზინფექცია უტარდება. ცქიტიშვილის თქმით, რა დრომდე გაგრძელდება დისტანციური სწავლება 41-ე საჯარო სკოლაში ჯერ უცნობია. სკოლაში განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„მეორე კლასელი მყავს, დილით ჩვეულებრივად მივიყვანე სკოლაში და უკან გამოგვიშვეს, მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდაო. 41-ე სკოლას რამდენიმე კორპუსი აქვს და ეს ბავშვი ჩვენს კორპუსში საერთოდ არ იყო ნამყოფი და ასევე სკოლაშიც არ დადიოდა. როგოც აგვიხსნეს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან და შეგვატყობინებენ ხვალისთვის შეგვეძლება თუ არა სკოლაში ბავშვების მიყვანა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მშობელმა ნათია კუპატაძემ.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, ინფექცია ასევე დადასტურდა ქუთაისში მდებარე მერაბ ჭოხონელიძის საავტორო კერძო სკოლაში. კორონავირუსი მე-4 კლასელ მოსწავლეს აღმოაჩნდა და ეს სკოლაც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
დღეიდან მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ასევე ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაც. მიზეზი ამ შემთხვევაშიც COVID-19-ია, რომელიც ორ მოსწავლეს დაუდგინდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაინფიცირებულია მათი მშობელიც. თვითიზოლაციაში გადავიდნენ დაავადებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები. მთელი სკოლის ონლაინ რეჟიმში სწავლების გაგრძელების შესახებ მოსწავლეთა ნაწილს ინფორმაცია არ ჰქონდა, რის გამოც ისინი დილიდან სკოლაში მივიდნენ, თუმცა ადმინისტრაციამ ყველა სახლებში გააბრუნა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 70 ბავშვია. დღევანდელი მონაცემებით თბილისში დადასტურებულია 72, იმერეთში – 44, აჭარაში – 416 ახალი შემთხვევა.
მოამზადეს თამთა ვირსალაძემ და ჟუკა ბანძელაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება