კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის ბაგა-ბაღები, 2–დან 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ
კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდა – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღო.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, საბავშვო ბაღებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველდღიურად ტარდება დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები.
მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას განმარტებით, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები.
“ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვართ სრულ კოორდინაციაში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ტარდება სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში. ასევე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოცხადდეს არდადეგები ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ თბილისის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს”, -განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და თბილისის მერია კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან.
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება