GE

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დღეს, 25 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა.

ლაშა მარგიშვილი, რომელიც დღემდე ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარუდგინა.

მინისტრმა მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით:

ლაშა მარგიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის კვალიფიკაცია. ამჟამად კი იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია.

ლაშა მარგიშვილი, სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევის განსახორციელებლად მივლენილი იყო დიდ ბრიტანეთში, Queen Mary University of London-ში.

მას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ასევე, 2012 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით ეწევა აკადემიურ საქმიანობას.

ლაშა მარგიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. მათ შორის, რამდენიმე კონფერენციასა და ფორუმზე იყო მომხსენებელი და სესიის მოდერატორი.

არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) სერტიფიკატი.

2026 წელს, ხორვატიაში, ლაშა მარგიშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური