„მასწავლებელს ონლაინში ველოდით, დამრიგებელმაც არაფერი მოგვწერა“ – ქაოსი გორის სკოლებში სწავლის დაწყების პირველ დღეს
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაწილში, შეიძლება ითქვას, რომ დიდი არეულობაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი დაიწყო, პედაგოგების უმრავლესობამ ამ დრომდე არ იცის, როდის უნდა ჩაატარონ ონლაინ გაკვეთილები, რადგან როგორც ამბობენ, ჯერ ცხრილი შედგენილი არ არის. გარდა ამისა, მასწავლებლების ნაწილს კომპიუტერული ტექნიკაც გაუმართავი აქვთ.
,,პირველი ჩემი გაკვეთილი, სავარაუდოდ, იქითა კვირის ორშაბათს არის. ხოლო მეორე გაკვეთილის ჩატარების განრიგი ჯერ უცნობია. ჯერჯერობით ცხრილი შედგენილი არ არის. ძალიან გაურკვევლობაა ასეთი მდგომარეობა არც ერთ წელს არ ყოფილა“, – ამბობს გორის მეათე საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი.
,,ძალიან მინდოდა გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ჩემმა კომპიუტერმა ვერ დაძლია. არ ვიცი, რა დაემართა და ამ პრობლემას აუცილებლად გამოვასწორებ. უკვე მივმართე შესაბამის სამსახურს“, – გვეუბნება კიდევ ერთი გორელი პედაგოგი.
იმის გამო, რომ გაკვეთილები არ ჩატარებიათ უკმაყოფილოები იყვნენ გორის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ ონლაინ სივრცეში პედაგოგს ერთ საათზე მეტ ხანს უშედეგოდ ელოდნენ.
,,დილით ინგლისური უნდა მქონოდა – არ ჩამიტარდა. მეორე ქიმიის გაკვეთილს ველოდით და მასწავლებელი არ შემოვიდა. დამრიგებელს მივწერეთ შეტყობინება რაზეც არ გვიპასუხა“, – ამბობს მეშვიდე სკოლის მოსწავლე ნინი ყულიაშვილი.
ახალი სასწავლო წლის ხარვეზებით დაწყებაში, გორის საჯარო სკოლების ნაწილში პასუხისმგებლობას სამინისტროს აკისრებენ. ამბობენ, რომ ბაზები გაუმართავი იყო და შესაბამისად, პედაგოგებს ამის გამო გაუჭირდათ სისტემაში შესვლა. სკოლებში იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს სისტემაში შესასვლელი პაროლი დაავიწყდა.
,,სამინისტროსგან მოწოდებული ბაზებს ჰქონდა ხარვეზები. პედაგოგები ვერ შევიდნენ სისტემაში და ამის გამო შეიქმნა გარკვეული სახის პრობლემა. ზოგიერთ მოსწავლეს პაროლიც დაავიწყდა. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება“, – გვითხრა მეშვიდე სკოლის პედაგოგმა ნინო ნონიკაშვილმა.
,,ჩვენ გვექნება 6 საათზე თათბირი და ყველაფერს გავივლით ერთად და ვნახავთ სად რა პრობლემა იყო“, – გვითხრეს სკოლის დირექტორებმა.
სკოლებში არსებულ ხარვეზებზე საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემები მალე აღმოიფხვრება. ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს ხარვეზები გასაკვირი არ უნდა იყოს.
,,დაფიქსირებული ხარვეზები მალე აღმოიფხვრება. ყველაფერს დეტალურად გავეცნობი და შესაბამის ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
დისტანციური სწავლება გორის მუნიციპალიტეტის 13-მა საჯარო და 6-მა კერძო სკოლამ დაიწყო, ხოლო საკლასო ოთახებში სწავლა დღეს 45–მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ განაახლა.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება