მე-4 და მე-6 კლასის ეროვნული შეფასების ტესტების ნიმუშები წინასწარ გამოქვეყნდება
საჯარო სკოლები მეორე სემესტრის დასაწყებად ემზადებიან. 2020 წლის გაზაფხულზე, ანუ სასწავლო წლის დასასრულს, 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასებში ეროვნული განმავითარებელი შეფასების პილოტირება უნდა განხორციელდეს.
როგორც უკვე ცნობილია ტესტირება ქართულ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება და მას ელექტრონული სახე ექნება. ტესტს არ ექნება ბავშვის კლასიდან კლასში გადასაყვანი ფუნქცია და ის მხოლოდ ინფორმაციას მიაწოდებს, სკოლას, მოსწავლეს და მშობელს ბავშვის განვითარების შესახებ.
რადგან ტესტირების ჩატარებამდე რამდენიმე თვე რჩება EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, შერჩეულია თუ არა უკვე საპილოტე სკოლები, გამოქვეყნდება თუ არა წინასწარ ტესტების ნიმუშები და ვისი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით ჩატარდება ტესტირება, სკოლის თუ “ნაეკის”.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის თქმით, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ცოტა მოგვიანებით ტესტების ნიმუშებიც გამოქვეყნდება.
„მე-4 მე-6 კლასის განმავითარებელი შეფასების პროექტზე, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმიტომ, რომ ეს შეფასება უნდა იყოს სრულად ელექტრონულად, ამიტომ განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. ასეთი სტილის ტესტირება ჩვენ მანამდე არ ჩაგვიტარებია არასდროს. ეს სხვა ტიპის ტესტია, აქვს არა იმდენად განმსაზღვრელი ფუნქცია, არამედ განმავითარებელი ფუნქცია. ამიტომ, სამუშაო საკმაოდ დიდი და მოცულობითია. ნიმუშებს, რა თქმა უნდა, დავდებთ, რომ იცოდნენ მშობლებმა რა ტიპის დავალებებია. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ, ბევრი სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, სკოლების შერჩევაც, როცა მოხდება შეგატყობინებთ. გაზაფხულზე მხოლოდ პილოტირების რეჟიმში გავაკეთებთ ეროვნულ შეფასებას და იმ შედეგებსაც გავითვალისწინებთ, რასაც პილოტირება გვიჩვენებს. შეიძლება პილოტირებაზე ერთი ტიპის რაღაც გავაკეთოთ და შემდეგ შევცვალოთ”, – გვითხრა სოფიო გორგოძემ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება