„მივმართე აკადემიურ საბჭოს გადადგომის თაობაზე“ – თსუ-ის რექტორი თანამდებობას ტოვებს
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. როგორც შარვაშიძის მიერ დღეს, 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ Facebook სტატუსში ვკითხულობთ, გადადგომის თაობაზე მან აკადემიურ საბჭოს უკვე მიმართა. EDU.ARIS.GE გიორგი შარვაშიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემთვის დიდი პატივია ბრწყინვალების ორდენის მიღება, რომელიც საქართველოს მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა მომანიჭა. მიხარია და ვამაყობ, რადგან ეს არ არის პერსონალური ჯილდო, ეს ჯილდო ეკუთვნის ჩვენს პროფესორებს, ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მეცნიერებს.
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო 7 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა: ჩვენ შევძელით და დღეს თსუ-ს აქვს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) ინსტიტუციური შეფასება; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა და შედეგად თსუ რეგიონში კვლავ ყველაზე დიდი უნივერსიტეტია. 50%-ით გავზარდეთ უნივერსიტეტის დაფინანსებაც მაშინ, როცა არ შეცვლილა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი; პირველად ჩვენს რეგიონში სწორედ, საქართველოში და კონკრეტულად თსუ-ში გაიხსნა ევროპის აკადემიის (AE) და EPLO-ს რეგიონული ცენტრები; საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ევროპაში და 24-ე მსოფლიოში, რომელსაც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სრული წარმომადგენლობა აქვს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5 %-ში შედის და არაერთ პროგრამას აქვს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET, FIBAA); მზარდია უცხოენოვანი, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მქონე პროგრამების რაოდენობა; შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება; შთამბეჭდავია ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, დაწყებული მეორე კორპუსის აღდგენით, დამთავრებული უამრავი სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნივერსიტეტის პროფესურას, ადმინისტრაციას, სტუდენტებს და ჩვენი უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს. ჩვენ სწორედ ერთად მოვახერხეთ ამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი.
დღეს მივმართე აკადემიურ საბჭოს, რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.
მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.
დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად”, – წერს გიორგი შარვაშიძე.
საქართველოს პრეზიტენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბრწყინვალების ორდენით დღეს დააჯილდოვა.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება