მთავრობამ მაგისტრანტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების პროცედურა და რეგისტრაციის ვადები დაამტკიცა
მთავრობის დადგენილებით, 2020 – 2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განსაზღვრეს. (საქართველოს მთავრობის დადგენილება №591)
დაფინანსების ოდენობა და დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
1. 2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.
2. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.
3. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მაგისტრანტმა, რომელიც მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:
ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ასევე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
ბ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
გ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი − 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
დ) 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი − 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ე) 137 500 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი − 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
დაფინანსების პრინციპი
1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ამავე კატეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებში მაგისტრანტებმა, საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების შესაბამისად, თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი, დაფინანსება არ გაიცემა.
3. მაგისტრანტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ 2 ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.
დარჩენილი თანხის გადანაწილება
1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებზე და რომელიმე კატეგორიაში დარჩენილია დასაფინანსებელ მაგისტრანტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, განაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2019-2020 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი თანხა არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას არეგისტრირებენ ელექტრონულად 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე http://socreg.mes.gov.ge.
2. განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესი, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განცხადებების განხილვის წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან, სხვადასხვა სამინისტროდან და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
4. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება