„ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით სამინისტროს სკოლებისთვის გეგმის წარდგენა არ მოუთხოვია“
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში, სკოლასა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობაზე რეკომენდაციები მზადდება და ამ პროცესში სკოლები და რესურსცენტრებიც არიან ჩართულები. მისივე თქმით, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით სამინისიტროს სკოლებისთვის გეგმის წარდგენა არ მოუთხოვია.
„ჩვენ არ მოგვითხოვია ასეთი გეგმა, ჩვენც გვესმის უამრავი განსხვავებული მოსაზრებები. ონლაინ სწავლება არდადეგების პერიოდში სავალდებულო ისედაც არ იქნება. ეს არის ერთ-ერთი გზა. ეს არის არდადეგები, როდესაც ბავშვმა უნდა დაისვენოს. აქ არის საუბარი, თუ როგორ გაატაროს არდადეგების პერიოდი მოზარდმა“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც სკოლები გარკვეულ რეკომენდაციებს მიიღებენ.
„ჩვენი რეკომენდაცია არის სკოლებისთვის და გეგმა არის ასეთი, რომ სასწავლო წელი არ გადაიწევს და ის დასრულდება კანონით დადგენილ ვადებში. ჩვენ ვმუშაობთ საგნობრივ ექსპერტებთან ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებაზე, შესაბამისად ეს არის გეგმა, რასაც ამ წუთში განათლების სამინისტრო მიყვება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სკოლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დირექტორს, მასწავლებლებს. სოლიდარული საზოგადოებაა, მზაობა არის რომ ითანამშრომლონ, ელოდებიან ინსტრუქციებს და დარწმუნებული ვარ, ყველა მასწავლებელი აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში. არდადეგების გახანგრძლივებაზე ამ წუთას არ არის საუბარი, განათლების სამინისტრო ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ მათგან მიღებულ რეკომენდაციებს მივყვებით. შესაბამისად, რეკომენდაცია და ქვეყანაში არსებული სიტუაცია როგორ იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
რაც შეეხება სკოლების და მოსწავლეების ონლაინ კომუნიკაციას, ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სკოლები მიიღებენ რეკომნდაციებს, თუმცა როგორ განახორციელებენ ამ პროცესს, ეს სკოლების ადმინისტრაციებზე იქნება დამოკიდებული.
„საუბარია რეკომენდაციებზე, დისტანციური კომუნიკაციაზე სკოლას, მასწავლებელს და მშობელს შორის. რა ფორმით იქნება და რა რეკომენდაციებს გასცემს განათლების სამინისტრო დღეს, დღის ბოლომდე სკოლები მიიღებენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ რეკომენდაციის ფორმის. როგორ მოხდება კომუნიკაცია და როგორ მოახერხებს პროცესის მობილიზებას სკოლა, ეს იქნება სკოლის პასუხისმგებლობა. უფასო ელექტრონული წიგნები და რესურსები არის მოკლევადიანი გეგმა, მეორე ეს არის გრძელვადიანი გეგმა, თუ როგორ იქნება დაგეგმილი სასწავლო პროცესი. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის საგნების ექსპერტებთან ვმუშაობთ იმ წინადადებებზე, რომლებსაც საჯარო სკოლებს შევთავაზებთ“, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება