პედაგოგი, რომელმაც მე-4 კლასის მოსწავლეს სცემა სკოლიდან გაათავისუფლეს – დეტალები მომხდარზე
დაწყებითი კლასების პედაგოგი ფატი ვარშანიძე დღეს ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც Aris.ge-განათლებას სკოლის დირექტორმა გიორგი რუხაძემ განუცხადა, პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი მოწმეებმა დაადასტურეს. მეოთხე კლასის მოსწავლე კი, მისივე განმარტებით, მშობლის მოთხოვნის საფუძველზე, იმავე სკოლის პარალელურ კლასში გადაიყვანეს:
„დისციპლინარული კომიტეტის ხუთი წევრიდან ხუთივემ მხარი დაუჭირა პედაგოგის გათავისუფლებას. გათავისუფლების ოქმს უკვე მოვაწერე ხელი. ცემის ფაქტი დადასტურებულია. ბავშვი ორშაბათს დილიდან, მშობლების მოთხოვნით, გადავიყვანეთ პარალელურ კლასში, მშობელი აცხადებდა, რომ ბავშვს ეშინია მაგ პედაგოგთან შესვლაო. მე დავაკმაყოფილე მისი მოთხოვნა და ბავშვი სწავლობს ამჟამად მეოთხე მეორე კლასში,“ – განგვიცხადა გიორგი რუხაძე.
ცემის ფაქგტი საგანმანათლებლო დაწესებულებაში პარასკევს მოხდა. სკოლის დისციპლინარული კომიტეტი კი ფაქტის შესწავლას 5 დღის განმავლობაში ახორციელებდა.
როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, მეოთხე კლასის მოსწავლე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრია, ოჯახი რამდენიმე წელია ე.წ. «ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ჩვენ მომხდართან დაკავშირებით პოზიციის მოსასმენად მოსწავლის მშობელს დავუკავშირდით, თუმცა დაზარალებულის დედამ კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი გვითხრა.
Aris.ge-განათლებასთან საუბრისას მომხდარს დეტალურად იხსენებს თავად ინციდენტის მონაწილე, უკვე ყოფილი პედაგოგი ფატი ვარშანიძე. მისი მტკიცებით, მოსწავლეს მისი თითი თვალში შემთხვევით მოხვდა, ცემის ფაქტს კი იგი არ ადასტურებს:
„კომპიუტერში Wi-fi-ის ვრთავდი და თან სადენებს ვასწორებდი, სხვას ჰქონდა გატანილი და შემომიტანა, მაგას ვასწორებდი კედელზე. იქვე, გვერდით იჯდა ეს ბავშვი ზურგს უკან. კაბელებს რომ ვასწორებდი, ალბათ, დააინტერესა რა ხდებაო და რომ გამოიწია კოჭზე მომხვდა მისი ფეხი. მე მეგონა, იმ სადენმა ‘დამტოკა’ და უცებ რომ მოვბრუნდი რა მოხდამეთქი, ჩემი თითი მოხვდა შემთხვევით თვალში, მეტი არაფერი.“
22-ე სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი Aris.ge-განათლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს მოსწავლე სოციალური დაცვის სააგენტოს აჭარის ფილიალში სპეციალურ გახანგრძლივებულ ჯგუში მეცადინეობდა, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი. მისივე ინფორმაციით, სწორედ სააგენტოს სოცმუშაკმა აღმოჩინა პირველად მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. წყაროს ინფორმაციით, მუშაკმა ფაქტი მშობელსაც შეატყობინა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. როგორც ინფორმატორი აცხადებს, თავდაპირველად მშობელი დისციპლინარული კომიტეტისთვის განცხადებით მიმართვას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით, უკვე ორშაბათს, პედაგოგის წინააღმდეგ დისციპლინარულ კომისიას მაინც მიმართა და შვილის პარალელურ ჯგუფში გადაიყვანა მოითხოვა.
ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, იურიდიულად ფაქტის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს ევალებოდა.
„22-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა ფაქტი მასწავლებლის მიერ ბავშვის ცემის. დისციპლინარული კომიტეტის მოკვლევის საქმეში უკვე დევს მანდატურების დასკვნა ფაქტთან დაკავშირებით და ექიმის ცნობა. ეს ცნობა მიუთითებს იმას, რომ ბავშვზე ნამდვილად მოხდა ფიზიკური შეხება. ამ ორი საბუთის საფუძველზე მიიღო ფაქტობრივად გადაწყვეტილება დისციპლინარულმა კომიტეტმა პედაგოგის გათავისუფლების შესახებ,“ – აცხადებს თეა ვადაჭკორია.
სკოლის პედაგოგები ფატი ვარშანიძეს კომპეტენტურ და მშვიდ ადამიანად ახასიათებენ. მის მხარდასაჭერად საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაზარალებული მოსწავლის თანკლასელების მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია მოაწყვეს. როგორც სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე აცხადებს, ამას სასწავლო პროცესის ჩაშლა არ გამოუწვევია.
მომხდარზე საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც ცემას გულისხმობს.
მაია შავაძე – ბათუმი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება