„პირბადეები წინა დღით საყინულეში ჩააციეთ“ – აბიტურიენტებისა და ინტერნეტის მარგალიტები გამოცდების შესახებ
სიახლემ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის გაკეთება მოუწევთ და მისი ორჯერ მოხსნის შემთხვევაში გამოცდებს გამოეთიშებიან, დიდი ხმაური გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა ინიციატივა გონივრულ ნაბიჯად შეაფასა, ნაწილი – აღშფოთდა. თავად აბიტურიენტების უმეტესობა გადაწყვეტილებას აპროტესტებს და იმ პირობებეში, როცა ახალი რეგულაციების მიხედვით სექტორებში კონდიციონერის ჩართვაც იკრძალება, რამდენიმე საათიანი გამოცდის დაწერას შეუძლებლად მიიჩნევს.
მიუხედავად ამ და სხვა არაერთი სირთულისა, რომლებიც წლევანდელ აბიტურიენტებს გამოცდებზე და ზოგადად, ბოლო თვეებში კორონავირუსის გამო შეექმნათ, ისინი ცდილობენ მოვლენებს იუმორით შეხედონ და ინტერნეტში სახალისო სტატუსებსა და კომენტარებსაც წერენ.
პირბადეების თემაზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში არაერთი სახალისო პოსტი დაიწერა და ე.წ. „მიმი“ შეიქმნა, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება და ინტერნეტმომხმარებლებსაც ახალისებს:
დათო გორგილაძე: „40 გრადუს სიცხეში რომ ზიხარ, პირბადე გიკეთია და “პახოდუ” დათა თუთაშხიას აპრავებ, რატო არ ერევა სხვის საქმეში.“
დათო გორგილაძე: „აბიტურიენტებს გამოცდებზე მერხის ქვეშ ტაშტი მაინც დაახვედრეთ რომ ცივ წყალში ჩაყარონ ფეხები“.
კოტე იანტბელიძე: ეროვნულებზე 39 გრადუს სიცხეში რომ დაჯდება პირბადიანი აბიტურიენტი და თემა რომ მოუვა “ცოტნე დადიანი”, შეიძლება პირველ პირში დაწეროს.
ვახო სანაია: „კონდიციონერს რომ გავუკეთოთ ცოტა მოზრდილი პირბადე?“
„24 წუთი და 3 წამია სუნთქვის შეკავების რეკორდი. ვნახოთ აბიტურიენტები რას იზამენ.“
თემაზე ხუმრობენ თავად აბიტურიენტებიც, რომლებიც წერენ, რომ „სიმწრით ეცინებათ“.
„ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეზღუდვები რაღაც მემსუბუქება. თავის მიტრიალებაზე 2 როზგი და ღრმად ჩასუნთქვაზე ქულის დაკლება ხომ არ დაგვემატებინა?“
„მთავრობა არ ფიქრობს, რომ არჩევნებზე 39 000+ ხმას კარგავს?“
„პირბადეები წინა დღით საყინულეში ჩააციეთ.“
„თქვენი აზრით, ჩვენგანაც საპონს დაამზადებენ?“
„გამოცდებზე ცოცხლად გადამრჩენებს ჩვენ არ ვგავართ და სიკვდილის წინ ცოდვები მაინც მოვინანიოთ. აბა, ინდულგენციები 5 ლარაააად“.
„კალამს რომ ჩავბერო, პირბადის მოხსნა შეიძლება? ან გულწასულ აბიტურიენტს რომ შევუბეროთ?“
„არჩევნებზე ჩვენ გავიცინებთ.“
„ადრე გამოცდაზე შესულ ბავშვებს წარმატებებს უსურვებდნენ, ახლა – მშვიდობით უკან დაბრუნებას.“
„თქვენ სტუდენტობაც გინდათ და სუნთქვაც, ეგრე სადაა?“
„პირბადე და უკონდიციონერობა? ეგაა დაბრკოლება? ხელები შეგვიკარით, თვალები აგვიხვიეთ, კანი დაგვისერეთ და მარილი დააყარეთ, ცოტა ინტერესი მიეცით საქმეს!“
„ცოტნე დადიანს მეტი კი არაფერი უქნია – წავიდა და დაჯდა სიცხეში, თავისი ნებით!“
„ზუსტად ვიცი, გამოცდების დილას ბებიაჩემი მეტყვის – ჟაკეტი წაიღე, რო შეგცივდეს, მოიხურავო.“
„მე მგონი, რაღაცა ცდაში ვიღებთ მონაწილეობას. დაგვაკვირდებიან და ვინც გადავრჩებით, ჩვენგან ახალ, სუპერძალის მქონე ადამიანებს გამოიყვანენ“.
„რა გიკვირთ ხალხო, სამი თვეა პირბადე გვიკეთია, რო ვიხსნი, მაშინ უფრო ვეღარ ვსუნთქავ.“
„გამოცდაზე პირბადის დარჩენას, თავი დაგრჩეს, ჯობია.“
ისინი ფიქრობენ გამოსავალზეც – როგორ გაიმარტივონ პროცესი და გაგრილება შეძლონ. ზოგიერთმა მათგანმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ფეისბუკის გვერდებს კითხვებიც მისწერა იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა გამოცდაზე ხელის გამაგრილებლის, ე.წ. „ვენტილატორისა“ და წყლით სავსე ტაშტის შეტანა, ან ტესტის ფურცლებით გაგრილება. როგორც გაირკვა, აბიტურიენტებს ეს უკანასკნელი იმედიც ტყუილად ჰქონდათ. გამოცდის პროცესში მათ გაგრილება არანაირი საშუალებით არ შეეძლებათ. ისინი ახლა მთელ იმედებს ამინდზე ამყარებენ – „ადამიანებს არ ვეცოდებით და იქნებ ღმერთს მაინც შევეცოდოთ“, – წერენ აბიტურიენტები.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება