პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკები უკვე შეძენილია – პანდემიის გამო, პროგრამა არ უქმდება
EDU.ARIS.GE-ს ხშირად მომართავენ მშობლები შეკითხვით, COVID-19-ის პანდემიის გამო არსებული ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, 2020-2021 სასწავლო წელს დაურიგდებათ თუ არა პირველკლასელებს ტრადიციული საჩუქარი – ბუკები.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის 55 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი უკვე შესყიდულია.
გამარჯვებული კომპანია „იუ-ჯი-თი“ acer -ის ფირმის ტექნიკის მიწოდებას რესურსცენტრებში 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელებს. პირველ ეტაპზე 12 000 ცალზე მეტი პორტაბელური კომპიუტერი „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ 2020 წლის 25 მაისამდე უნდა გადაეცეს, რადგან “ნაეკი” ამ ტექნიკას ეროვნულ გამოცდებზე იყენებს. მეორე ეტაპზე კი კომპიუტერები, 2020 წლის სექტემბერში საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიაწოდონ, რომ შემდეგ მათი სკოლებისთვის დარიგება მოხდეს. პირველკლასელები კი საჩუქარს სწავლის დაწყების პირველ და შემდეგ დღეებში მიიღებენ.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები, მათი დამრიგებლები, საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც ირიცხებიან/ჩაირიცხებიან I-III კლასში და არ მიუღიათ კომპიუტერი, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებული ფუნქციონირებადი 30 სკოლის პირველკლასელები.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება