პრაქტიკოს მასწავლებელთა 2020 წლის გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – რა ცვლილებები შევიდა სქემაში
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა. ზოგადი განათლების საფეხურზე მასწავლებლები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახებიდან ონლაინ სწავლებაზე გადასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მათ წარმატებით გაართვეს თავი ახალი ტექნოლოგიის საშულებით ვირტუალურ საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებას, რის შედეგადაც სემესტრი შედგა.
სამინისტრომ გაითვალისწინა მასწავლებლების დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სპეციფიკა, საკლასო ოთახებიდან ვირტუალურ სივრცეში ტრანსფორმაციისა და შეფასების შრომატევადი პროცესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები და სიახლეები შეიტანა.
ამ ცვლილებების შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.
სქემაში შესული ცვლილებების თანახმად:
1.2020 წელს, პირველად სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ;
2.იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გადაუვადდათ გამოცდა და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები;
3.იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია და სტატუსის ასამაღლებლად დარჩენილი აქვთ 1-5 კრედიტ-ქულა, უფლება ექნებათ გაიარონ ტრენინგ-მოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ დარჩენილი 1-5 კრედიტ- ქულა 19 კრედიტ-ქულამდე შევსების მიზნით;
4.იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას.
5.მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან – 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, გამომცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გახსნილი სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება