GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში განხორციელებული პროექტი, რომელმაც სტუდენტებს წარმატება მოუტანა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის წელს უკვე მეორედ განხორციელდა „კარიერული და დასაქმების უნარ-ჩვევების განვითარების პროექტი“, რომელსაც უძღვებოდა ამ სფეროს ექსპერტი და არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი მაკა კუკავა.

პროექტი მოიცავდა პრაქტიკული ტრენინგების ციკლს და განიხილავდა სტუდენტის დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პროცესის ეფექტურობას, საკუთარი თავის წარმოჩენისა და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას, გასაუბრების პროცესის სტრუქტურიზების მნიშვნელოვან ფაქტორებს და სხვ.

პროექტის წლევანდელი მონაწილეებიდან კომპანია „Nexia International” -ის საქართველოს წარმომადგენლობამ – „Nexia TA“ – ამ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი გიორგი ნოზაძე შეარჩია და ის ერთი წლის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის ამ კომპანიაში.

პროექტის შარშანდელი მონაწილეებიდან კი ორი სტუდენტი – მირანდა ჩარკვიანი და ლაშა ანთაძე, სტაჟირების შემდეგ წელს უკვე აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები გახდნენ: ლაშა ანთაძე ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის აუდიტის ასისტენტია, ხოლო მირანდა ჩარკვიანი კომპანიის კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი.

მირანდა ჩარკვიანი: „აუდიტორული კომპანია, სწორედ ის მნიშვნელოვანი გზაა წარმატებისკენ, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მიჩვენა. კომპანიის მიმართ წინასწარ, რა თქმა უნდა, მქონდა მოლოდინი, თუმცა რეალობამ კიდევ უფრო გამაოცა. ეს ის ადგილია, სადაც თითოეული დასაქმებულის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მუშაობისას გამოვიმუშავე ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებმაც პიროვნულად გამზარდა, ამასთან, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მომცა. მუშაობდე ისეთ კომპანიაში, როგორიც არის Nexia TA დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ეს გხდის მეტად თავდაჯერებულს, წარმატების ფორმულის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს ხომ სწორედ მაღალი თვითშეფასება წარმოადგენს“.

ლაშა ანთაძე:  „პროექტის თითოეული მეცადინეობა თავისებურად განსაკუთრებული და საინტერესო იყო, დატვირთული ახალი თემებითა და აქტივობებით. მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტს და პროექტის ყველა ორგანიზატორსა და ინიციატორს ამ შესაძლებლობისთვის.

პროექტის დასრულების შემდგომ დავინტერესდი კომპანია Nexia TA-სთან თანამშრომლობით. საწყის ეტაპზე გავიარე სტაჟირება ბუღალტერიის განხრით, შემდგომ კი ფინანსურ აუდიტში მოვსინჯე ჩემი ძალები და ამჟამად ვარ დასაქმებული საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საუკეთესო აუდიტორულ კომპანიაში, საუკეთესო გუნდთან ერთად.

ფიქრობ და გრძნობ, რომ საინტერესო და სასარგებლო საქმეს აკეთებ, მით უმეტეს არა რუტინულს, ყოველი პროექტი თუ ამოცანა არის ერთმანეთისგან განსხვავებული. წელიწადში 2-ჯერ ხდება თანამშრომელთა შეფასება და დაწინაურება, ხოლო ხელმძღვანელები და მენეჯერები ისევე თავდაუზოგავად შრომობენ, როგორც დანარჩენი თანამშრომლები, პატივს სცემენ თითოეული კოლეგის აზრსა და სურვილს და ეს ყველაფერი საბოლოოდ უსაზღვროდ გიღვივებს მოტივაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანია პერსპექტიულია და შესაბამისად, გაქვს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

ეს ერთი წელი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ჩემი კარიერული, არამედ პიროვნული ზრდის თვალსაზრისითაც, რადგან მომეცა საშუალება დავრწმუნებულიყავი, რომ პროფესია სწორად ავირჩიე და შესაბამისად, დრო რომელიც მას დავუთმე, შედეგის მომტანი აღმოჩნდა“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური