GE

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური სწავლის დასრულებამდე გადაუვადდებათ

დღეს გამართულ მთვარობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტში დადებული დაპირების თანახმად, განათლების სამინისტრო გამოიტანს ცვლილებას, რომლის ძალითაც პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება მოხდება.

„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი პრინციპი და მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება, ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და გავრცელებას ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იქამდე, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ გია ჟორჟოლიანის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესში ცვლილებები შევიდოდა. კანონპროექტის ინიციატორი სწორედ გია ჟორჟოლიანი იყო, რომელიც განათლებისნ კომიტეტის წევრია.

თავის მხრივ განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის სამინისტრო განმარტავს, რომ პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

ცნობისთვის, დღესდღეობით წვევამდელები, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოპოვებული აქვთ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ვერ სარგებლობენ გაწვევის გადავადების უფლებით, რის გამოც, მათ სწავლის პერიოდში უწყდებათ ან უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა განათლების კომიტეტის წევრს, დეპუტატ გია ჟორჟოლიანს ეკუთვნოდა. მისი ინიციატივის მიხედვით ცვლილება უნდა შესულიყო ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში, სადაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული პუნქტი პროფესიულ სტუდენტებზე არ გავრცელდებოდა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური