რა ეტაპზეა მე-7, მე-8 კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელიც ივნისში უნდა დასრულდეს
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში მე-8 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების და მე-7 კლასის რამდენიმე სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი გრძელდება, რაც მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს. კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, შეფერხდა თუ არა პროცესი, ამ საკითხზე სამინისტროს ჯერჯერობთ პასუხი არ აქვს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კლასების სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების მოსამზადებელი ეტაპზე, სამინისტრო ყველა დაინტერესებულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობდა, მათ შორის იყო სახალხო დამცველის ოფისი. მიმდინარე გრიფირების პროცესში, დაინტერესებულმა პირებმა სხვადასხვა საგნებში 58 განაცხადი წარადგინეს, მათგან შერჩეული ვარიანტები რეცენზირების ეტაპზე გადავიდა.
გრიფირების განაცხადები არ შესულა შემდეგ საგნებში: ქართული, როგორც, მეორე ენა (VIII კლ.), აფხაზური ენა და ლიტერატურა (I-IV, V-VI, VII და VIII კლ.), მეორე უცხოური ენა – ფრანგული (V-VI, VII და VIII კლ.) და რუსული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა (I-IV, V-VI და VII კლ.).
სამინისტროში აცხადებენ, რომ რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაკომპლექტებულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის სტანდარტის შემუშავებაში გამოცდილების მქონე ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერის, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტისგან.
გარდა ამისა, უწყებაში განმარტავენ, რომ მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ სახელმძღვანელოების განხილვის პროცესში და თავიანთი შენიშვნები წარმოადგინონ.
რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფების მიერ სახელმძღვანელოების/სერიების რეცენზირების პირველი ეტაპი მაისის დასაწყისში უნდა დასრულდეს ხოლო მეორე ეტაპი – ივნისის დასაწყისში. სასკოლო სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება კი მიმდინარე წლის 19 ივნისამდე უნდა მიიღონ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება