რა ინფორმაციის მიწოდება აიკრძალება კონსტიტუციით საჯარო და კერძო სკოლებში სწავლებისას – დაგეგმილი ცვლილებების შინაარსი
მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესზეც იქონიებს გავლენას.
როგორც დღეს, 25 მარტს, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კონსტიტუციაში მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.
მდინარაძემ „საქართველოს კონსტიტუციური კანონის ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მუხლები ასე ჩამოაყალიბა:
„მუხლი 1.
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
მოგვიანებით, მამუკა მდინარაძემ სკოლებთან დაკავშირებული საკითხი განმარტა და განაცხადა, რომ აკრძალვა უფლებების დაცვის საკითხს არ შეეხება:
“საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დროს იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აშკარად შეიცავს პოპულარიზაციის და არა ვინმეს უფლებების დაცვის კონტექსტს და ნიშნებს, ამ შემთხვევაში აიკრძალება, მაგრამ როგორცკი უფლებას შეეხება, ამის აკრძალვაზე საერთოდ არც უნდა ვიფიქროთ. არათუ ვიფიქროთ, არამედ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ აქ ბალანსი არასდროს დაირღვეს. გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი პოპულარიზაციისგან. ეს იქნება ამ კანონის მთავარი მიღწევა მათ შორის ჩვენი მომავალი თაობების რაღაც ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან, ამ უპირატეს ინტერესთან ერთად”, – განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, პირველ რიგში დაინიცირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ძალიან ახლო მომავალში, ასევე დააინიცირებენ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს.
- მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – განკარგულება by ARIS.GE-განათლება
- „საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია“ by ARIS.GE-განათლება
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება