GE

რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ სამოგზაურო შეზღუდვების შემდეგ გერმანიაში სწავლის მსურველმა სტუდენტებმა

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სასწავლო მიზნით გადაადგილების მსურველებს.

რადგან გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ COVID-19-ის პანდემიის გავრცელების გამო, საქართველო შეიყვანა რისკის ჯგუფის ქვეყნებში, შეზღუდვების შესაბამისად, საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის და გერმანიაში დასაქმებული პირებისთვის.

ასევე სტუდენტებისთვის ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებ პირებისთვის, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, სასწავლო მიზნით ქვეყანაში შესვლა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუკი შემდეგი წინაპირობები შესრულდება:

სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა).

ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შესვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა).

ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა).

გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვინაიდან გერმანული მხარის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში, საქართველოდან გერმანიაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური