რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სკოლებში სწავლის სრულად აღდგენა – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
სასწავლო დაწესებულებების დიდი ნაწილი 1-ლი ოქტომბრისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მისაღებად ემზადება. ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენ ხანს გასტანს სკოლებში პირისპირ სწავლების რეჟიმი და ასევე, როდის შეძლებენ კლასებში დაბრუნებას მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეები.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, კონკრეტული ფორმულა, რომლის საშუალებითაც იტყვიან, თუ რა დროს აღდგება სასწავლო პროცესი სრულყოფილად, არ არსებობს და ჯანდაცვის უწყება ლოკალური და ინდივიდუალური სიტუაციების გაანალიზებით იღებს გადაწყვეტილებებს.
„როგორც ხედავთ სიტუაციურად იცვლება ეს ამბავი, რაღაც ადგილებში გაიხსნა საკლასო სწავლა და შემდეგ მოხდა ისე, რომ იმ სკოლაში ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა და ისევ გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე. ასე აქტიური ადაპტაციური მართვის რეჟიმში გავყვებით ამ ამბავს, მესმის, რომ საკმაოდ რთულია მშობლებისთვის და ბავშვებისთვისაც ასეთ რეჟიმში გავიაროთ ეს პროცესი, მაგრამ პირველ ეტაპზე, პირველი მნიშვნელობის მაინც ეპიდუსაფრთხოებაა. ამდენად, ასე გავაგრძელებთ ამ პროცესს. ფორმულა არ არსებობს, ყველაფერი მაინც მიდის ინდვიდუალური გადაწყვეტილების და ანალიზის საფუძველზე, ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება და ხშირდება სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებული პირების ინფიცირების შემთხვევებიც. ბოლო ასეთი ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა – მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. 50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო. პარალელურად, შემოწმდა რამდენიმე მასწავლებელი, ყველას პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება სწავლის პროცესს, დირექტორის თქმით, სწავლის გადადება არ იგეგმება და 1-ელ ოქტომბერს დაიწყება.
14 მოსწავლის ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა გუშინ სამეგრელოში, რუხის საჯარო სკოლაში, რომელთა წყაროც რეპეტიტორი იყო. თავად მასწავლებელი კი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, სკოლები, რომლებთანაც აღნიშნულ მოსწავლეებს შემხებლობა ჰქონდათ, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ.
მოსწავლე ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა გურიაშიც, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს კორონავორუსი დაუდასტურდა.
რაც შეეხება სტატისტიკას, დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 225 – აჭარაში, 35 – თბილისში, 22 – იმერეთში და 18 – სამეგრელოში.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება