GE

რა შემთხვევაში შეძლებთ მოსწავლის ექსკურსიაზე წაყვანას – სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს და „შეზღუდვები“ მშობლებს

არდადეგები ახლოვდება და სკოლებში ექსკურსიებისთვის მზადება დაიწყეს. გასული წლიდან ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირება გარკვეულ რეგულაციებშია მოქცეული, რომლის შესრულებაც ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის სავალდებულოა. ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებას არეგულირებს „ბავშვთა უფლებების კოდექსიც“, თუმცა კანონპროექტი პარლამენტში ჯერ განხილვის სტადიაშია და ძალაში შესული არ არის.

რაც შეეხება მოქმედ რეგულაციებს, რომელიც სკოლებს გასულ წელს, ერთ-ერთი ექსკურსიის დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გადაეცა, მშობლების ნაწილი ამბობს, რომ რთული შესასრულებელია და თბილისსა და რეგიონის რამდენიმე სკოლაში მათ ექსკურსიის მოწყობაზე უარი მიიღეს, მათ წლის ბოლოს გაიგეს, რომ ექსკურსიასთან დაკავშირებით სკოლაში წლის დასაწყისში პროექტი უნდა წარედგინათ.

თბილისის მე-20 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ნერგაძე ამბობს, რომ რეგულაციებში რთული არაფერი არ არის და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები მაქსიმალურად ამცირებს რისკებს, რაც შეიძლება ბავშვების გადაყვანის დროს მოხდეს.

„არანაირად არ არის რთული და აუცილებელია ეს წესები იყოს დაცული, კონკრეტულად ის, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დამრიგებელმა, რომ ტრანსპორტში აუცილებლად უნდა იყოს ექიმი, ან ისეთი ადამიანი, რომელიც მაგალითად მშობელია და ექიმის სპეციალობა აქვს. ადრე თუ, ექსკურსიების დროს, პირდაპირ აიყვანდნენ ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსს, ახლა ასე არ არის. სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს ტექ-დათვალიერება, მძღოლმა უნდა წარმოადგინოს პირადი დოკუმენტაცია და ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ამდენი ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი და აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა. ექსკურსიის მსურველებს წინასწარ განცხადების დაწერა სჭირდებათ, შემდეგ განცხადებაზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, საკვებზეც არის საუბარი სამინისტროს რეკომენდაციებში და სრულად ვეთანხმები“, – აცხადებს ლელა ნერგაძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

თბილისის 175-ე სკოლაში, სადაც გასული წლის ექსკურსია უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა და სამ ადამიანთან ერთად მე-6 კლასელი ბავშვი დაიღუპა, ექსკურსიების მოწყობისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს სკოლის შიდა წესებიც ემატება.

„იცით ალბათ ჩვენი შარშანდელი ტრაგედია, გულწრფელად გითხრათ ახლაც ვერ გამოვედი მაშინდელი მდგომარეობიდან. ექსკურსიის მოწყობის დროს, მინდა რომ ყველაფერი იყოს დაცული, თუმცა უარს არავის არ ვეუბნები. გვაქვს მოთხოვნები, რაც მინისტრის რეკომენდაციით გასათვალისწინებელია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. მძღოლთან, ფირმასთან ხელშეკრულება უნდა იყოს გაფორმებული, მე დამატებით კიდევ მოვითხოვე, რომ ექსკურსიები უნდა იყოს პროექტის სახით დაწერილი და ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი უნდა იყოს ასეთი აქტივობა.

„უარი არ მითქვამს არც ერთი კლასისთვის, უბრალოდ ასეთი დოკუმენტაცია მოვითხოვე სრულყოფილად. პროექტის შაბლონიც მივაწოდე, ვუთხარი, გამიწერეთ ყველაფერი და წარმოადგინეთ დოკუმენტაცია, რაც ექსკურსიას უნდა ახლდეს და კი ბატონო. ისეთი ექსკურსიები აღარ მინდა ღრეობა რომ იყო. ჩვენი მასწავლებლების ჯგუფში დავწერე, რომ ასეთი ფორმით მოითხოვეთ და ამ შემთხვევაში მიიღებთ თანხმობას. მასწავლებლების უმრავლესობა მეთანხმებიან, აქვთ ჩასმული პროექტში ექსკურსიები და ჩვეულებრივად წავლენ, არ ექნებათ შეფერხება. ჩვენ ასეთი პრაქტიკა გვაქვს, მაგალითად ერთ მასწავლებელს აქვს  გარემოს დაცვაზე აქტივობები, რომელიც  დაწყებულია სკოლაში და  ექსკურსიაზეც განახორციელებენ დაასუფთავების აქციას. ვცდილობთ ყველაფერი  იყოს ბავშვისთვის სასარგებლო“, – ამბობს 175-ე საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ალავიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

პროექტების სახით ექსკურსიების დაგეგმვის წინააღმდეგი არც მოსწავლეთა მშობლები არიან, თუმცა ამბობენ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდეს. მათი თქმით, სკოლები ითხოვენ ექსკურსიების შესახებ განაცხადი და ყველა სხვა ინფორმაცია ადმინისტრაციას მიაწოდონ, მაგრამ მათთვის არავის უცნობებია, რომ აღნიშნული წლის დასაწყისშივე უნდა განხორციელდეს და ახლა, რადგან განაცხადი სასწავლო წლის დასაწყისში არ გააკეთეს, უკვე სრულად დაგეგმილ ექსკურსიაზე ბავშვების წაყვანის უფლება შეეზღუდებათ.

რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროს რეკომენდაციებს, EDU.ARIS.GE გთავაზობთ 11-ვე პუნქტს, რომელიც მშობლებმაც და სასწავლო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ:

1.ტრანსპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება;

2.სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული უნდა იყოს (ჰქონდეს მგზავრების დაზღვევა);

3.სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი;

4.გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას;

5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით;

6.იმ შემთხვევაში, თუ  ერთდროულად გადაადგილდება რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც განთავსებული არიან არასრულწლოვანები, კოლონას წინ უნდა უძღოდეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ხოლო კოლონაში არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე მითითებული იყოს ნიშანი ,,ბავშვები“;

7.მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის;

8.იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების კურსი“;

9.არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება;

10.ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით.

11.აღნიშნულ რეკომენდაციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო ექსკურსიები, არამედ მშობელთა მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფური ტრანსპორტირება;

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური