რა შესაძლებლობები დარჩათ პრაქტიკოსებს კრედიტქულების დასაგროვებლად გამოცდის ჩაბარებამდე – პრემიერის ბრძანება სქემის ცვლილებებზე
პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც გამოცდა ჯერ შემოდგომაზე, ახლა კი მომავალი წლისთვის გადაუვადდათ წლის ბოლოს სამსახურის დაკარგვა, მათ ადგილას კონკურსის გამოცხადებით აღარ ემუქრებათ. თუმცა სტატუსის ამაღლება მაინც მოუწევთ.
პრემიერ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, სქემაში სხვა საკითხებთან ერთად პრაქტიკოსი მასწავლებლების საკითხიც გაიწერა და ასე ჩამოყალიბდა:
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, გავიდნენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ორგანიზებულ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
აქვე მოცემულია ვადები თუ როდის გამოაცხადებს პრაქტიკოსების ადგილას სკოლა კონკურსს: იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.
პრაქტიკოსებს რჩებათ შესაძლებლობები გამოცდის ჩატარებამდეც დააგროვონ კრედიტები:
სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე პერიოდში მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:
ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ 1-5 კრედიტქულა;
ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით), დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.
ამასთან, პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).
სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს კი, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვთ, დარეგისტრირდენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩასატარებელ მასწავლებლის გამოცდაზე და ნაწილობრივ დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (ის საგანი ან/და პროფესიული კომპეტენცია, რომელიც დაგროვებული არ აქვთ 15 კრედიტქულის ფარგლებში), დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით. თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი მოცემული გამოცდის ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში დააგროვებს 19 კრედიტქულას, მას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს როგორც უფროსი მასწავლებელი.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს:
1.მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
2.ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება