რა წერია განათლების ანტიკრიზისულ გეგმაში უმაღლესების შესახებ და როდის ჩატარდება ფინალური გამოცდები
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე ჩატარდება.
როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, შუალედური გამოცდები დისტანციურად ჩატარდა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, თუმცა ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე მოხვდა და უნივერსიტეტებში ინდივიდუალური გრაფიკებით ჩატარდება.
„უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე. რაც შეეხება შუალედურ გამოცდებს, უმაღლესებმა სამინისტროს რეკომენდაციით, კარგად მოახდინეს ადაპტაცია და ეს პრობლემა მოხსნილია. რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო ნამუშევრების დაცვას, ეს მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმებით. უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ონლაინ რეჟიმში რექტორთა საბჭო, სადაც მათთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ უკვე თვის ბოლოსკენ დავიწყოთ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების გახსნა. უნივერსიტეტები ინდივიდუალურ გრაფიკებს გააკეთებენ და ეს პროცესიც წარიმართება ჯანდაცვის სფეროს პროტოკოლების დაცვით. გადაწყვეტილება მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკული და ლაბორატორიული მუშაობის შინაარსიდან გამომდინარე, ისინი ონლაინ რეჟიმში ვერ ჩატარდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, უნივერსიტეტებმა სტუდენტებს ან გადაუვადეს გადახდის თარიღი ან შესთავაზეს მათთვის მოქნილი გრაფიკი.
რაც შეეხება, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრულ გრანტებს, სტიპენდიებსა და პროგრამულ დაფინანსებას, სამინისტრო გადარიცხვის პროცედურებს მინისტრის თქმით, შეუფერხებლად უზრუნველყოფს.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება