GE

რა ხანგრძლივობის უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

სკოლებში დისტანციური სწავლების პირობები ეროვნულ სასწავლო გეგმაში ოფიციალურად აისახა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პრაქტიკის გამოყენებას სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში ახალ სასწავლო წელსაც მიმართავს.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის, აქამდე არსებულთან ერთად,უკვე განსხვავებული პირობებიცაა განსაზღვრული.

დოკუმენტში ასაკის და საფეხურების მიხედვით დადგენილია დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა დატვირთვის მაქსიმალური ოდენობა.

დისტანციურ სასწავლო პროცესში მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:

მაქსიმალური დასაშვები საათები (ასტრონომიულ დღეში) პირველი-მესამე კლასი -1 საათი,  მეოთხე -მეხუთე კლასები  -1საათი, მეექვსე -მერვე კლასები- 1,5 საათი,  მეცხრე კლასი -1,5 საათი, მე-10-მე-12 კლასები – 2 საათი

ბრძანების თანახმად, ონლაინ გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

ა) I-IV კლასებში – 20 წუთი; ბ) V-IX კლასებში – 30 წუთი; გ) X-XII კლასებში  – 40 წუთამდე.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ დღეში არაუმეტეს 3 ონლაინ გაკვეთილი უნდა ჩატარდეს და ბავშვებს დასვენების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„3.რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. 4. რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური