„რამდენი პედაგოგიც მიიღეებს კრედიტებს, იმდენი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ხელფასს“
„რამდენი პედაგოგიც მიიღეებს კრედიტებს, იმდენი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ხელფასს“, – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ ევროპული საქართველოს წევრის მარიამ რამინაშვილის კითხვას პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე.
სკოლის ყოფილმა დირექტორმა უკმაყოფილება გამოთქვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში პედაგოგთა ხელფასებისთვის გათვალისწინებულ არასაკმარის ოდენობაზე. რამინაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პედაგოგი მოიპოვებს სტატუსისა და ხელფასის გაზრდისთვის სამყოფ კრედიტებს, დადგება მათი ანაზღაურების საკითხიც.
განათლების მინისტრის მოადგილის მტკიცებით, თუ ყველა პედაგოგი აიღებს საკმარის კრედიტებს და ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული თანხა არ იქნება საკმარისი, სამინისტრო ყველა შესაძლო რესურსის ეკონომიას გააკეთებს და ამისთვის საკმარის თანხას მოიძიებს.
როგორც მოგვიანებით თეიმურაზ მურღულიამ EDU.ARIS.GE–ის განუცხადა, ბიუჯეტის დღევანდელი პროექტით გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი, რომლითაც 10 ათასი პედაგოგის დაფინანსებაა გათვალისწინებული.
კომიტეტზე ხსენებული საკითხის პრობლემურობაზე წლის დასაწყისში თავად განათლების მინისტრიც საუბრობდა. მან სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე აღიარა, რომ იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საგანში გამოცდა ჩაბარებული აქვთ, ტრენინგების გატარებას ხელოვნურად აჩერებდნენ. მისი თქმით, ასეთი შვიდი ათასი მასწავლებელია და 7 ათასივეს რომ გაატარონ ტრენინგი და შიდა დაკვირვება და მიანიჭონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ამისთვის თანხა არ ეყოფათ, ვინაიდან ხელფასის მოსამატებლად ბიუჯეტში ფული არ არის.
როგორც ცნობილია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის თანახმად, პედაგოგს სტატუსის ცვლილების შემდეგ სახელფასო დანამატი უჩნდება. უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები სხვადასხვა ოდენობის დანამატს იღებენ.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარია.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარია.
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარია.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება